ავტოსპორტი

22:05 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი ისევ პოულზეა, ფერსტაპენი მერვეზე ჩარჩა

„ფერარის“ შარლ ლეკლერმა სინგაპურის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. წვიმის აკომპანიმენტით გამართული რბოლა, მხოლოდ მერვე შედეგით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა. ლეკლერს მხოლოდ 0.022 წამით ჩამორჩა სერხიო პერესი, მესამე დრო კი ლუის ჰამილტონს ჰქონდა.

ფერსტაპენს შანსი ჰქონდა, რომ ლეკლერზე უკეთესი დრო დაეფიქსირებინა, მაგრამ ბოლო სწრაფ წრეზე ყოფნისას, გუნდმა ბოქსებში გამოიძახა. ამან მსოფლიო ჩემპიონი უკიდურესად გაანაწყენა და რადიოთი გინების კორიანტელით უპასუხა „რედ ბულის“ მართვის პანელს. ბოქსში გამოძახების მომენტში, მას საუკეთესო პირველი სექტორი ჰქონდა დაფიქსირებული.

მოგვიანებით გაირკვა მისი გამოძახების მიზეზი: გუნდმა სწორედ ბოლო წრეზე დაადგინა, რომ ფერსტაპენის მანქანაში საკმარისი საწვავი არ იყო იმისთვის, რომ ამ წრის დასრულების შემდეგ, პიტლეინზე დაბრუნებულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მას დისკვალიფიკაცია ელოდა. ამიტომ, „რედ ბულმა“ ნაკლები დანაკარგი ამჯობინა.

ფერსტაპენს აქვს იმის ანსი, რომ სინგაპურშივე გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული. და თუ ამას კვირას ვერ შეძლებს, შემდეგ ამის შანსი ერთ კვირაში, იაპონიაში მიეცემა.

„კვალიფიკაციის მესამე ნაწილში არ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლო წუთს გადავწყვიტეთ სოფტების დაყენება. და ამან გაამართლა. ძალიან, ძალიან რთული იყო“, - განაცხადა ლეკლერმა, ვინც რბოლა მერვე ადგილზე მაღლა უნდა დაასრულოს იმისათვის, რომ ფერსტაპენმა სინგაპურშივე ვერ გაიფორმოს მეორე ტიტული.

სწრაფ ტრასებზე ჰოლანდიელს არ უჭირდა უკანა რიგებიდან წინ წაწევა, მაგრამ სინგაპურის ქალაქის ქუჩებში გამავალ ტრასაზე, გასწრება რთულია და შესაბამისად, ფერსტაპენის შანსებს ამცირებს. თუმცა ის თავის „რედ ბულთან“ ერთად, ამ სეზონში იმდენად დომინანტი ძალაა, რომ გამარჯვების შანსი მაინც ექნება.

სხვათა შორის, ფერსტაპენს პარასკევს 25 წელი შეუსრულდა და რა თქმა უნდა, სურს, რომ საკუთარ თავს, მეორე ტიტულით საიუბილეო საჩუქარი მიართვას. ამისათვის ლეკლერზე 22 ქულით მეტი უნდა აიღოს და თუ მოიგებს, პერესმა რბოლა მეოთხე ადგილზე დაბლა უნდა დაასრულოს.

სინგაპურის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'49.412
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.022
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.054
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.171
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.554
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.172
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.799
  8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.983
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.161
  10. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2.571
  11. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 4.600
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 4.799
  13. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 4.958
  14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 4.968
  15. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 6.106
  16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 6.671
  17. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 6.814
  18. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 6.925
  19. ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 7.573
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 8.120

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166448