„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ ამბიციური გუნდია და ჩემპიონობა სურს, მაგრამ სეზონი ძალიან გრძელია და ჯერ საუბარი ნაადრევია.
„როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებებში მიდიან, ყოველდღიურად ვაკვირდებით მათ მდგომარეობას. ზოგისთვის კარგი იყო ნაკრებში თამაში, რადგან ჩვენთან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ. ზოგიერთმა ნაკრებში ორივე მატჩი ჩაატარა და კარგადაც ითამაშა. არანაირი ტრავმები არ არის და ვაგრძელებთ მუშაობას. ფეხბურთელები ძალიან კონცენტრირებული დავინახე და მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზა იყო, მზად ვართ თამაშისთვის.
ყოველი მატჩი გვახსენებს, ვართ თუ არა ძლიერები, სეზონის ბოლომდე გზა გრძელი და რთული იქნება. მე არ მინახავს, რომ ვინმეს სკუდეტო სექტემბერში მოეგოს, სეზონი ივნისში სრულდება და დიდი გზაა გასავლელი. კონკურენციაც დიდია, ვფიქრობ, ჩვენსავით 7 გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.
რასპადორი თუ სიმეონე? ორივე ითამაშებს, თუმცა ჯერ არ ვიცი, რომელიც იქნება მოედანზე 60 წუთი და რომელი - 30. გვჭირდება მოტივირებული და ფორმაში მყოფი ფეხბურთელები, 5 ცვლილებაც მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ ამბიციური, რომელსაც ჩემპიონობის სურვილი აქვს“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.