წყალტუბოს ,,სამგურალმა" 18 წლის ნიგერიელი ცენტრალური მცველი აროვოლო ჯამიუ დაიმატა. ახალწვეულს სიმბოლურად გუნდის მაისური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ გადასცა და მას წარმატებები უსურვა.
ჯამიუმ ფეხბურთის თამაში ნიგერიის ყველაზე დიდ ქალაქში – ლაგოსში დაიწყო და რეგიონის ერთ–ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში ,,Clique sports academy" - ვარჯიშობდა.
ფეხბურთელი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა და ,,სამგურალთან" ერთადაც ვარჯიშობდა, თუმცა მისი დამატება მხოლოდ წლეულს მოხერხდა.
გეტყვით, რომ ჯამიუმ ,,სამგურალის" რიგებში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ითამაშა ,,სამგურალი" 2–ის რიგებშიც და ,,დიდუბეს" წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.