ფეხბურთი

14:28 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "წაგება შესაძლებელია, მაგრამ ასე თამაში არ შეიძლება"

კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო ტურში კოსოვოსთან 1:5 წააგო და მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი ჯერ მზად არაა ოთხ დღეში ორი თამაშის თანაბრად მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

„არაფერი გამოგვივიდა, არც დაცვა, არც ცენტრში თამაში და არც შეტევა. როგორც ჩანს, ოთხ დღეში ორჯერ თამაში პრობლემაა. ისინი მზად არ არიან ამ თამაშებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც გუნდში გვყავს. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ მუშაობა გრძელდება. წინ ორი ამხანაგური თამაში გვაქვს და სხვა რაღაცებს გამოვცდით.

შეიძლება თამაში წააგო, მაგრამ არა ასე. კარგი თამაში არ გვქონდა და დამსახურებულად წავაგეთ. ძნელი სათქმელია რა უნდა გაკეთდეს ფეხბურთელების გასაუმჯობესებლად, ისინი აქ კლუბებიდან მოდიან და მოსამზადებლად მხოლოდ 2-3 დღე გვაქვს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე უნდა ითამაშოთ, თუ არადა, ამ დონეზე თამაში გაუჭირდებათ. შესაძლოა, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ერთი თამაში კარგად ვითამაშეთ, მეორესთვის კი მზად არ ვიყავით“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას სადებიუტო მატჩში კვიპროსმა საბერძნეთი 1:0 დაამარცხა და ეს ერთადერთი თამაშია, რომელიც ერთა ლიგის ამ სეზონში მოიგო. შედეგად, კვიპროსმა ჯგუფში 5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა (ბურთების ბალანსით ჩამორჩა ჩრდ. ირლანდიას) და 2024 წლის მარტში პლეი-აუტში ითამაშებს, რათა დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს და D დივიზიონში არ დაქვეითდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111569