საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თურქეთთან მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩაატარა.
"პირველი ტაიმი ჩვენი შესრულებით, ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ გვითამაშია. მეორე ტაიმში შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა. ამ ყველაფერს სერიოზული ანალიზი სჭირდება. ეს შეკრება ჩავაგდეთ.
ძალიან ცუდია, რომ დავმარცხდით, ზოგადად პირველად მოხდა ამ შეკრებაზე ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ 2 მატჩი წავაგეთ, მეორე ის, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩი უგოლოდ დავასრულეთ. აუცილებლად მოხდება გადახედვა რიგი პოზიციების და შესაბამისად უკვე დასკვნები შემდეგ იქნება გამოტანილი. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთე შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ - 2 მატჩი წავაგეთ. მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, ჩემი ფეხბურთელების, დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ დასკვნები სწორად გამოვიტანოთ და შემდგომში ასეთი ჩავარდნები აღარ დაგვემართოს“, - თქვა სვანაძემ.
კომენტარი გააკეთა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი გაგუამაც:
"ეს შეკრება რა თქმა უნდა უარყოფითად შეფასდება, რადგან ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ ეს საჭიროც იყო რაღაც დონეზე იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით თუ რა დონეზე ვართ და რა ასპექტები გვაქვს გამოსასწორებელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და ვიფიქროთ, მხოლოდ მომავალზე“, - აღნიშნა გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.