სხვა

3:45 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რეკორდსმენი კოსგეი ლონდონის მარათონს ტრავმის გამო გამოტოვებს

ქალთა მარათონის მსოფლიო რეკორდის ავტორი, კენიელი ბრიგიდ კოსგეი ლონდონის მარათონზე, რომელიც ორჯერ აქვს მოგებული, ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს. კოსგეის ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმა აქვს, რაც მარათონზე გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

კოსგეის ლონდონის მარათონი 2019 და 2020 წლებში აქვს მოგებული და წლევანდელი მარათონის ფავორიტიც იყო. მაგრამ სტარტამდე ერთი კვირით ადრე გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ტრავმირებულ ფეხს არ დატვირთავს. კოსგეიმ წელს ტოკიოს მარათონიც მოიგო (ფოტოზე), რამდენიმე თვით ადრე კი, იმავე ქალაქში, ოლიმპიურ გარბენში ვერცხლს დასჯერდა.

„ერთი თვეა, მარჯვენა ფეხის ბარძაყი ნორმალურად ვარჯიშის საშუალებას არ მაძლევს. ამის გამო, ლონდონის მარათონის წინ, ოპტიმალურ ფორმაში ვერ შევედი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ სტარტზე არ გამოვიდე. ჩვენ მოვითათბირეთ და შევთანხმდით, რომ უმჯობესი იქნება, თუ ტრავმას ვიმკურნალებ და მომავალი სეზონისთვის უკეთ მოვემზადები“, - ამბობს კოსგეი, ვინც მსოფლიოს რეკორდი (2:14:04) ჩიკაგოს 2019 წლის მარათონზე დაამყარა.

ლონდონში შარშან მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. გამარჯვება კი მისმა თანამემამულე ჯოისილინ ჯეპკოსგეიმ მოიპოვა, ვინც ამჯერადაც ფავორიტი იქნება.

აღსანიშანვია, რომ ლონდონში არც მამაკაცთა შორის მსოფლიო რეკორდსმენი, კენიელი ელიუდ კიპჩოგე იასპარეზებს, ვინც ახლახანს, ბერლინის მარათონი ახალი რეკორდით მოიგო.

0.101624