ფეხბურთი

12:00 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირი: "შეგვიძლია იმის მიღწევა, რაზეც ყველა ვოცნებობთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაში დიდი უპირატესობაა.

"მთავარია, მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, გავიმარჯვეთ, სამი ქულა მოვიპოვეთ და პირველ ადგილზე ვართ იმ ოთხ გუნდს შორის, რომლებმაც საკუთარ ჯგუფებში გაიმარჯვეს. C ლიგის პირველადგილოსანი გუნდი ვართ, რაც მოგვცემს იმის უფლებას, რომ ნახევარფინალური თამაში ჩვენს მოედანზე ვითამაშოთ. მგონია, რომ ეს დიდი უპირატესობაა. ეს გუნდი განსაკუთრებულია და მჯერა, რომ შეგვიძლია იმის მიღწევა, რაზეც ყველა ვოცნებობთ", - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლო 11 შეხვედრიდან ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელებმა ერთა ლიგის C დივიზიონში 16 ქულით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეს, რითაც ევრო 2024-ის პლეი-ოფსა და ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ნოემბერში გამართავს. ამხანაგურ მატჩში მონაწილე ჩვენი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

0.13253