ფეხბურთი

11:25 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ნაკრებს თუ დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ეროვნულ გუნდში მეასე მატჩი ჩაატარა, რითაც ჯაბა კანკავასა და ლევან კობიაშვილის რეკორდი გაიმეორა. როგორც მან გიბრალტართან გამარჯვების (2:1) შემდეგ განაცხადა, თუ ნაკრებს დასჭირდება, ის ყოველთვის გუნდთან ერთად იქნება.

„16 ქულის აღება ძალიან რთულია. მძიმე თამაში გამოვიდა, რადგან მოწინააღმდეგე მხოლოდ თავს იცავდა და რთული იყო ხაზების გარღვევა, მომენტის შექმნა. მეტოქე კარგად იყო დაცვაში ორგანიზებული და მინდვრის საფარიც არ გვიწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მორწყვა ვერ შეძლეს და ძალიან რთული იყო ბურთს გადაადგილება. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი ადგილი გავიმყარეთ. ამიტომ, უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი.

ძალიან მიხარია და ვამაყობ. 14 წელი დამჭირდა ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის ჩასატარებლად. ეს გუნდი ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია ფეხბურთში. მიხარია, რომ აქ ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხანი დავრჩები. მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ, თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლო 11 შეხვედრიდან ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელებმა ერთა ლიგის C დივიზიონში 16 ქულით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეს, რითაც ევრო 2024-ის პლეი-ოფსა და ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ნოემბერში გამართავს. ამხანაგურ მატჩში მონაწილე ჩვენი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11888