ფეხბურთი

1:17 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვინ იქნება საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში? ყველაფერი საბერძნეთზეა დამოკიდებული

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - 5 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება და 16 ქულა (ბურთების ბალანსი 16:3).

ამრიგად, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ითამაშებს, მეოთხე შედეგის მქონე პირველადგილოსანთან. რაც უკვე ცნობილია, ეს თურქეთი ნამდვილად არ იქნება.

დარჩენილია ორი ვარიანტი: საბერძნეთი ან ყაზახეთი, ყველაფერი გუსტავო პოიეტის გუნდის შედეგზეა დამოკიდებული.

საბერძნეთი ჩრდილოეთ ირლანდიასთან (მატჩი 27 სექტემბერს გაიმართება) თუ მოიგებს ან ფრეს ითამაშებს, საქართველოს მეტოქე ყაზახეთი იქნება. აი, საბერძნეთი თუ ჩრდილოირლანდიელებთან წააგებს, მაშინ ვილი სანიოლის გუნდს სწორედ ბერძნებთან თამაში მოუწევს.

აქ საგულისხმოა თვითონ საბერძნეთის ვარიანტებიც, რომელსაც ეს სამი აქვს (თუმცა, ყაზახეთს ვერცერთ ვარიანტში შეხვდება): საბერძნეთი მოგების შემთხვევაში თურქეთს უმასპინძლებს, ფრის შემთხვევაში თურქეთს ესტუმრება, ხოლო წაგების შემთხვევაში საქართველოში ჩამოვა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის პლეი-ოფი 2024 წლის მარტში გაიმართება, მანამდე შესარჩევი ციკლი ჩატარდება და თუ საქართველო იქიდან გავა ფინალურ ეტაპზე, პლეი-ოფში არ ითამაშებს (ცხადია, იგივე ეხება თურქეთს, საბერძნეთსა და ყაზახეთს). თუ რომელიმე გუნდი (ან გუნდები) ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავა ევროპის ჩემპიონატზე, ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი ჩაანაცვლებს (თურქეთს ლუქსემბურგი, ყაზახეთს - აზერბაიჯანი, საქართველოს - ბულგარეთი, ხოლო საბერძნეთის ჯგუფში ჯერ უცნობია ვინ გავა მეორე ადგილზე: კვიპროსი, კოსოვო თუ ჩრდ. ირლანდია).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12198