სხვა

11:03 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კენიელმა კიპჩოგემ მარათონში მსოფლიოს თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

სახელოვანმა კენიელმა მორბენალმა ელიუდ კიპჩოგემ კიდევ ერთხელ დაამყარა მარათონში მსოფლიო რეკორდი და ეს ისევ ბერლინში მოახერხა. მან კლასიკური დისტანცია (42 კმ და 100 მეტრი) 2 საათსა და 01.09 წუთში გაირბინა და თავისივე რეკორდს, რომელიც ბერლინშივე, ოთხი წლის წინათ დაამყარა, ნახევარი წუთი მოაკლო.

37 წლის კიპჩოგეს კარიერაში 17 მარათონზე აქვს ნარბენი და მათგან 15 მოიგო. მათგან ორჯერ ოლიმპიადებზე გაიმარჯვა და 10-ჯერ კი დიდ მარათონებზე. მან თავიდანვე მაღალი ტემპი განავითარა - საშუალოდ კილომეტრს სამ წუთზე ნაკლებში გადიოდა. პეისმეიკერთა გარდა, კიდევ რამდენიმე მორბენალმა შეძლო დასაწყისში ასეთ ტემპში სირბილი.

კიპჩოგემ ნახევარი დისტანცია საათზე ნაკლებში გაირბინა და ამ მომენტისთვის, შორს ჩამოიტოვა შარშანდელი გამარჯვებული, ეთიოპიელი გუიე ადოლა. სამაგიეროდ, მეორე ეთიოპიელმა, ანდამლაკ ბელიჰუმ ტემპს გაუძლო და კიპჩოგეს მიჰყვა. თუმცა, 27 კილომეტრის შემდეგ, ისიც ჩამორჩა.

ტემპი კიპჩოგემაც ოდნავ შეამცირა, მაგრამ საკმარისი ძალა შემორჩა იმისთვის, რომ ბოლო 500 მეტრზე სპრინტერულ რეჟიმში ერბინა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან არსებული ფინიში მან პირველმა გადაკვეთა. მეორე ადგილიც კენიელმა, მარკ კორირმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს თითქმის ხუთი წუთით ჩამორჩა. მესამეზე კი ეთიოპიელი ტადუ აბატე გავიდა.

„ჩემი მომზადებით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, ეს გამარჯვება გუნდური გარჯის შედეგია. თავიდანვე სწრაფი ტემპით სირბილი მქონდა გეგმაში და ასეც მოვიქეცი. ეს საოცარი გამოსვლა იყო. ფეხები და სხეული ახალგაზრდულად მემსახურება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გონებაა. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო რეკორდი გავაუმჯობესე“, - განაცხადა კიპჩოგემ, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზეც კარგა ხანს რეკორდის გრაფიკით მირბოდა, მაგრამ საბოლოოდ, მას წუთზე მეტით ჩამორჩა. თუმცა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მაინც შეინარჩუნა.

სხვათა შორის, კიპჩოგე ერთადერთი მორბენალია, ვისაც მარათონული დისტანცია ორ საათზე ნაკლებში აქვს გარბენილი. ეს 2019 წელს ქალაქ ვენაში, სპეციალურად მოწყობილ ტრეკზე მოხდა. მან ფინიშს საათსა და 59.40 წუთში მიაღწია. მაგრამ რეკორდად არ დაფიქსირდა, რადგან ეს არასაშეჯიბრო გარბენი იყო.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ორ საათზე ნაკლებში გარბენას, კიპჩოგე პასუხობს: „ფეხებში ძალა კიდევ მაქვს. ვფიქრობ, წინ დიდი მიღწევები მელის. სხეულს ჯერაც შეუძლია ვარჯიშების გაძლება. ახლა ეს გამარჯვება უნდა აღვნიშნო და უნდა გავაცნობიერო, რაც მოხდა. მერე ვნახოთ, რა იქნება“.

ქალთა გარბენში გამარჯვება ეთიოპიელმა ტიგისტ ასეფამ მოიპოვა. მან ფინიშს 2 საათსა და 15:37 წუთში მიაღწია, რაც ქალთა მარათონის ისტორიაში, მესამე საუკეთესო შედეგია. ამაზე სწრაფად მხოლოდ რეკორდის მფლობელს, კენიელ ბრიგიდ კოსგეის და ბრიტანელ პოლა რედკლიფს აქვთ ნარბენი. მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად, კენიელმა როსმარი ვანიჯუმ და ეთიოპიელმა ტიგისტ აბაიეჩევმა დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116381