ფეხბურთი

2:21 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "ყურადღებით და მეტი მოტივაციით ვითამაშებთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა გიბრალტართან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე ყურადღებით უნდა ითამაშონ.

„საკმაოდ წარმატებული წელი იყო ნაკრებისთვის. დაგვრჩა ბოლო ოფიციალური თამაში, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, ხანგრძლივი მგზავრობა გვქონდა, ხელოვნურ სტადიონზე მოგვიწევს თამაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე უფრო ყურადღებით და მეტი მოტივაციით ვითამაშებთ“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს და პირველი ადგილი განაღდებული აქვს, თუმცა გამარჯვება მაინც მნიშვნელოვანია, დივიზიონში საუკეთესო შედეგის საჩვენებლად. გარდა იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს 10 მატჩია არ წაუგია (8 მოგება, 2 ფრე) და თუ გიბრალტართან არ დამარცხდება, ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108323