სხვა

1:36 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმირებული ვან ფლოიტენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

იდაყვის მოტეხილობის მიუხედავად, ჰოლანდიელმა ანემიკ ვან ფლოიტენმა ვოლონგონგის (ავსტრალია) მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონს მეოთხე ტიტულს დაეუფლა. ამასთან, ის ქალთა ველოსპორტის ისტორიაში, ყველაზე ხნიერი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მან იდაყვის ტრავმა შერეული ესტაფეტის დასაწყისში მომხდარი ინციდენტისას მიიღო. მაგრამ ტკივილების მიუხედავად, ტრასაზე გამოვიდა და 164.3-კილომეტრიანი რბოლის მიწურულს, ყველა მეტოქე უკან ჩამოიტოვა.

ვან ფლოიტენი შარშან ტოკიოს ოლიმპიადაზე, დროზე ინდივიდუალურ რბოლაში გახდა ჩემპიონი. ამავე სახეობაში, ორჯერაა მსოფლიო ჩემპიონი, ახლა კი, საგზაო რბოლაშიც მეორედ მოირგო ჩემპიონის ცისარტყელას ზოლიანი მაისური.

ვან ფლოიტენი თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, პელოტონის სიღრმეში იმყოფებოდა, ბოლო კილომეტრზე კი მოწინავეთა შორის გამოჩნდა და დროული შეტევის წყალობით, ყველა მეტოქე უშანსოდ დატოვა.

„ვიცოდი, რომ ჩემი მტკივანი იდაყვის გამო, სპრინტში მოგებას ვერ შევძლებდი. ამიტომ, შეტევა უკნიდანვე უნდა დამეწყო. ეს იყი ერთადერთი, ერთადერთი, ერთადერთი შანსი ჩემთვის. ველოდი, რომ სპრინტერები დამეწეოდნენ, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს“, - განაცხადა ჩემპიონმა.

მეორე ადგილი ბელგიელმა ლოტე კოპეცკიმ დაიკავა, მესამეზე კი იტალიელი სილვია პერსიკო გავიდა. მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი ელისა ბალსამო რბოლას ფინიშამდე 25 კილომეტრით ადრე, წვიმის დაწყებიდან მალევე გამოეთიშა.

„ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. წამოდგომა არ შემეძლო, რადგან მტკივან ხელს ვერ დავეყრდნობოდი. აღმართებზე ფეხებში გრძნობა აღარ მქონდა. საერთოდ, შეტევისას წამოდგომა მიყვარს. მაგრამ ამჯერად ასე არ გამოვიდოდა. იდაყვის დაზიანებამდე სულ სხვა გეგმა მქონდა. მაგრამ ტრავმის გამო, ბოლო კილომეტრზე შევუტიე და ისევ ჩემპიონი ვარ“, - განაცხადა ვან ფლოიტენმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124332