საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პორტუგალიასთან ამხანაგური მატჩის (1:4) კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დამსახურებულად წააგეს, რადგან ძალიან ცუდად ითამაშეს.
„შედეგი ლოგიკურია, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ, თითქმის ყველა საფეხბურთო კომპონენტში დავიჩაგრეთ. ცუდი ისაა, რომ ძალიან კარგი სერია შეწყდა. უფრო ცუდი ის არის, რომ თამაში შეიძლება წავაგოთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლითაც ბოლო წლებში თავი დავამახსოვრეთ გულშემატკივარს. ადრეც ვთქვით და კიდევ განვმეორდები, რომ ამ გზაზე ბევრი წინაღობა გვექნება. გაძლიერების დიდი რესურსი გვაქვს, ამიტომ, ყველაფერი წინაა და ვეცდებით, რომ ეს წაგება ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ყველაზე მთავარი ახლა ძალების სწრაფი აღდგენაა, რადგან სამ დღეში თურქეთში ძალიან რთული თამაში გველოდება. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, მიუხედავად მარცხისა, ეს არის ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება, ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე დაგვჭირდება“, - თქვა სვანაძემ.
მატჩის შემდეგ კომენტარი 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემაც გააკეთა:
"ვფიქრობ, რომ დღევანდელი შედეგი პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ ჩვენ ვერ ვითამაშეთ ჩვენი თამაში, ვერ ვაჩვენეთ ჩვენი პლუსები და საბოლოოდ მივიღეთ ეს შედეგი. მაგრამ წინ არის მეორე თამაში, სადაც ვეთამაშებით თურქეთს და ვეცდებით, ის შეცდომები, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით გამოვასწოროთ და მოვახდინოთ რეაბილიტაცია ჩვენი თავის და გულშემატკივრის წინაშე“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (6 მოგება, 1 ფრე), ხოლო თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს 27 სექტემბერს დაუპირისპირდება.