ფეხბურთი

19:00 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიელი ფეხბურთელები: "საქართველო მოგებას არ იმსახურებდა"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებმა გიოკო ზაიკოვმა და მილან რისტოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ თქვეს, წაგება არ დაუმსახურებიათ, მაგრამ შეცდომების გამო დაისაჯნენ.

გიოკო ზაიკოვი: „პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველებს გამარჯვება, თუმცა ჩემი აზრით, ეს დაუმსახურებელი იყო. მოედანზე დომინირებდით, მაგრამ მოწინააღმდეგემ შანსი გამოიყენა. ეს არის ფეხბურთი, შეცდომები ამ თამაშის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროა, რომ ჩვენი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა ბულგარეთის წინააღმდეგ, თავაწეულებმა უნდა ვითამაშოთ და არ მგონია, რომ იმ მატჩში ფსიქოლოგიური პრობლემები გვექნება. ჩვენი მიზანი სამი ქულაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ქულები უკვე მნიშვნელოვანი არაა. ბულგარეთის წინააღმდეგ განსაკუთრებული მატჩი იქნება, ჩვენ ვითამაშებთ პატივისა და სიამაყისთვის, რათა გულშემატკივარი კიდევ ერთი გამარჯვებით გავახაროთ“.

მილან რისტოვსკი: „ვწუხვართ, რომ ისევ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით, ისევე როგორც სკოპიეში. რამდენიმე შეცდომა განმეორდა და ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის მოულოდნელ დაკარგვას. ამ მატჩიდან მეტი დავიმსახურეთ, მაგრამ ახლა სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ კარგად დავისვენოთ, გავაანალიზოთ ეს შეცდომები და სკოპიეში გამოვასწოროთ. ფეხბურთში ფავორიტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური პრობლემა იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, ამას დავძლევთ და ბულგარეთთან მოვიგებთ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილი 13 ქულით გაინაღდა, რითაც მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა და აგრეთვე, ევრო 2024-ის პლეი-ოფშიც გავიდა. ვილი სანიოლის გუნდს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 2 ფრე), რითაც საქართველოს პირადი რეკორდი განმეორდა. საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას ჯგუფში ორივე თამაში მოუგო (ორი მატჩის ჯამში 5:0), მომდევნო მატჩს კი 26 სექტემბერს, სტუმრად გიბრალტართან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117737