ფეხბურთი

0:12 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: "გიბრალტართან მოგება აუცილებელია, რათა ნახევარფინალი ამ მშვენიერ სტადიონზე ვითამაშოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დავით ხოჭოლავამ და ოთარ კაკაბაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთეს. როგორც ხოჭოლავამ აღნიშნა, მთავარი შედეგი იყო, ამიტომაც, თამაში დადებითად შეაფასა.

„რა თქმა უნდა, თამაშს დადებითად შევაფასებდი, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო, მთავარი ანგარიშია და 2:0 სავსებით დამაკმაყოფილებელია ჩვენთვის, მითუმეტეს ნახევარფინალში გავედით და გვაქვს კიდევ ერთი შანსი იმ ოცნების ახდენისთვის, რაც არ გამოგვივიდა წინაჯერზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მწვრთნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღეს სასტუმროს არ დავტოვებთ, რაც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად სერიოზულად ვემზადებით გიბრალტართან და რამდენად აუცილებელია ამ სამი ქულის მოპოვება, რათა ნახევარფინალში ამ მშვენიერ არენაზე ვითამაშოთ ჩვენი ქომაგების წინაშე. ქართველი გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, სასწაული ატმოსფეროა ყველა თამაშზე, ძალიან დიდ მუხტს და ძალას გვაძლევენ. ტრავმა? ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშის შემდეგ მაწუხებს, არაფერი სერიოზული არ არის, უბრალოდ თამაშის ბოლოს სირბილში ხელს მიშლის“, - თქვა ხოჭოლავამ.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ყველას გილოცავთ. განსაკუთრებით ასეთ მეტოქესთან, ყველას გვახსოვს წარსული. გიბრალტართან, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სუსტი მეტოქეა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რადგან ნახევარფინალისთვის ქულებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - აღნიშნა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

0.121175