ფეხბურთი

0:09 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "ჩემთვის რთული თამაში იყო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის რთული თამაში იყო, რადგან საქართველოს ნაკრების რიგებში „დინამო არენაზე“, თანაც მაყურებლებით სავსე ტრიბუნების წინაშე პირველად ითამაშა.

„რთული მატჩი იყო. რაც შეეხება ჩემს თამაშს, რთული იყო, რადგან „დინამო არენაზე“ პირველად ვითამაშე საქართველოს ნაკრებში. გუნდმა კარგად ითამაშა, მოვიგეთ და კიდევ ერთხელ გავახარეთ ქართველი ხალხი“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

0.137402