მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი ამბობს, რომ მას WBC-ს ჩემპიონთან, ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან ბრძოლა სურს, რათა მძიმე წონის ყველა პრესტიჟული გაერთიანებმა ერთ ხელში მოიყაროს თავი. შემდეგ ზე-საშუალო წონაში აბსოლუტურ ჩემპიონს, მექსიკელ კანელო ალვარესს ფულის გასაკეთებლად შეხვდება, შეიძლება ერთხელაც ფულისთვის იჩხუბოს და შემდეგ სპორტიდან წავა.
35 წლის მოკრივემ ბრიტანელ ენტონი ჯოშუას WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები ჯერ წაართვა, შემდეგ კი ისინი მისგანვე დაიცვა. და ახლა სურს, რომ ფიურის ხელთ არსებულ WBC-ს სარტყელსაც დაეუფლოს. უსიკი ამბობს, რომ პროფესიონალურ რინგზე თავისი ბოლო ბრძოლის გამართვა, კიივის ოლიმპიურ სტადიონზე სურს.
„მე ალბათ კიდევ სამ ბრძოლას გავმართავ. ეს ყველაზე რეალისტურია. ჯერ ფიური, შემდეგ კანელო და გამოსამშვიდობებელი ბრძოლა ოლიმპიურ სტადიონზე“, - ამბობს უსიკი. კანელოსთან დაკავშირებით დასძენს, რომ მექსიკელს თავად სურდა მასთან შეხვედრა. უსიკი თვლის, რომ ეს უცნაური ბრძოლა იქნება, მხოლოდ ფულის შოვნის დანიშნულებით.
„მე მხოლოდ ფიურის დამარცხება მსურს და მერე ჩემი წასვლის დრო დადგება. ყველა სარტყელის გაერთიანება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ბრძოლა და თუნდაც ჩემი ტიტულების დაცვა“, - დასძენს უსიკი.
ფიურის ჯერ ჯოშუასთან ბრძოლა სურს. მისთვის ეს დაუმთავრებელი საქმეა და ამისთვის ვითომ წასულმა, დაბრუნება გადაწყვიტა. თუ ჯოშუას მოუგებს, უსიკისთვის კვლავ საინტერესო იქნება. თუ ვერა, მაშინ არავინ იცის, ისურვებს თუ არა უკრაინელი მასთან შეხვედრას.
რაც შეეხება ალვარესს, ის უდაოდ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოკრივეა. მაგრამ დამძიმება (ქვე-მძიმე წონამდე) წარუმატებელი გამოდგა - დმიტრი ბივოლთან დამარცხდა. უსიკი მძიმე წონაში კრეისერის წონიდან გადავიდა, სადაც აბსოლუტური ჩემპიონია. ეს მისი ნატურალური წონაა. და თუ კანელომ უფრო მსუბუქი ბივოლოს დამარცხება ვერ შეძლო, უფრო მძიმე უსიკთან გასვლაზე არც უნდა იფიქროს. ამიტომ ამბობს უკრაინელი მასთან შეხვედრაზე „უცნაურს“.