ფეხბურთი

20:40 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიური მედია: "ელმასმა უნდა აჩვენოს, რომ კვარაცხელია სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი"

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა დაპირისპირების წინ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხვიჩა კვარაცხელია და ელიფ ელმასი იმყოფებიან, რომლებიც გუნდის მთავარი ლიდერი არიან.

ისინი „ნაპოლიში“ ერთად თამაშობენ, თუმცა მოედანზე ყოფნა ერთად პრაქტიკულად არ უწევთ - კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის წევრია და მატჩის ბოლოს ელმასი ცვლის. ჩრდილომაკედონიური გამოცემა Sportmedia კი წერს, რომ ქართველი მხოლოდ ლუჩანო სპალეტისთვისაა უკეთესი ფეხბურთელი და ელმასს შანსი აქვს, ეს დაამტკიცოს...

„ელიფ ელმასი ჩვენი მრავალწლიანი აქტივია. „ბრილიანტი“ ამ და მომდევნო თაობების ლიდერი ეროვნულ ნაკრებში. ლიდერი, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონია კიდევ ერთ დიდ ტურნირზე უნდა გაიყვანოს. „ნაპოლის“ ფეხბურთელმა კარგად იცის და ყველაფერი მოედანზე უნდა დაამტკიცოს, ლიდერობა იტვირთოს. შესაძლოა, ახლა მისთვის ცოტა უფრო რთული იყოს ამის გაკეთება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ნაპოლის“ მუდმივად ძირითადში ვეღარ თამაშობს, პირველი ან მეორე შემცვლელის როლი აქვს.

ამის მიზეზი ხვალინდელ მატჩში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხეა - მას ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია და „ნაპოლის“ ახალი დიდი ვარსკვლავია, რომელიც ნეაპოლში „დინამო ბათუმიდან“ ხმაურის გარეშე გადავიდა. ის მხოლოდ 21 წლისაა და ამ სეზონში უკვე 8 გოლში მიიღო მონაწილეობა, ელიფ ელმასის პოზიციაზე თამაშობს, „ნაპოლის“ მარცხენა ფლანგზე. ამჟამად ფანტასტიკურ ფორმაშია და ამიტომ ელმასი ღებულობს იმ სათამაშო წუთებს, რაც მის ხარისხსა და პოტენციალს არ შეესაბამება.

თუმცა, ახლა ასეა და მას მოუწევს ამ სიტუაციასთან გამკლავება. „ნაპოლიში“ ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ ეროვნული ნაკრები „საპასუხო“ შანსია. ელიფი ნამდვილად ჩვენი „პირველი ვიოლინოა“ და ეს მხოლოდ მოტივაცია უნდა იყოს მისთვის, რომ ხვალ საუკეთესო იყოს. დაე, მან დაამტკიცოს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი“, - წერს მაკედონიელი ჟურნალისტი ოგნენ დოიჩინოვსკი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 17 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ მან სწორედ მაკედონიელები დაამწუხრა.

0.119342