ფეხბურთი

17:56 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ყველაფრის უკან დიდი შრომაა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი მოედანზე ფრისთვის არ გავა და მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. სანიოლის თქმით, სხვა შედეგის შემთხვევაში ძალიან იმედგაცრუებული იქნება.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ თამაშში ვინ მიიჩნევა ფავორიტად. თუ გახსოვთ, ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ვთქვი, რომ სავარაუდოდ ფავორიტი ჩრდილოეთ მაკედონია იყო გამომდინარე მათი შედეგებიდან, თუმცა ყველაფერი სხვანაირად წარიმართა, ჯერჯერობით ძალიან წარმატებით ჩავატარეთ ჩვენი მატჩები და ხვალაც ჩვენი მიზანი დადებითი შედეგის მიღწევა და ჯგუფში პირველობაა. ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები, თუ ეს არ მოხდება.

შეუძლებელია თამაში ისე დაიწყო, რომ მიზანი ერთი ქულის აღება იყოს, ეს საბოლოო ჯამში არასდროს გამოდის და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. წარმატების საუკეთესო რეცეპტია გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც აქამდე კარგად გამოგვდიოდა - ეს არის დაცვაში კარგი თამაში და როდესაც ბურთი გვექნება, შეტევაში სწრაფად და ეფექტურად გადასვლა. თუმცა, ფეხბურთი ისეთი თამაშია, სადაც ყველაფერია შესაძლებელი, სწორედ ამიტომ წინასწარ პროგნოზს არ გავაკეთებ. თუ ისე მივუდგებით ამ თამაშს, როგორც ეს ივნისში გავაკეთეთ, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

ჩვენ სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ, კმაყოფილი ვარ საწვრთნელი პროცესით, 23 ფეხბურთელი გვყავს და ვეცდებით, ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უპირატესობა იმ ფეხბურთელებს მიენიჭებათ, რომელთაც კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რათა მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარონ.

რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის სასიამოვნოა, როდესაც ჩემი ფეხბურთელები მაღალ დონესა და მუდმივად თამაშობენ. 18 თვის წინ, როცა მე გუნდში მოვედი განსხვავებული სიტუაცია იყო, ახლა ყველაფერი ბევრად გამოსწორდა. თუმცა, ეს ფეხბურთელები ძირითადად ქართული კლუბების აღზრდილები არიან, ასე რომ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის საქმიანობა, რომელსაც მწვრთნელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეწევიან. ამ ყველაფრის უკან დიდი შრომაა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

მეკარესთან დაკავშირებით ხვალ დილით მივიღებ გადაწყვეტილებას. გუნდში ჯანსაღი გარემოა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოთამაშეებს უფრო თამამად თამაშის საშუალებას აძლევს. ბევრისთვის ეს ალბათ სიახლეცაა, დიდი ხანია საქართველოს ნაკრებში ასეთი კარგი გარემო და დადებითი განწყობა არ ყოფილა. ერთადერთი რისკი ისაა, რომ ფეხბურთელები შეიძლება მოდუნდნენ, შეიძლება ბოლომდე არ დაიხარჯონ, მაგრამ ჩვენი, როგორც მწვრთნელების დავალებაა, ეს არ დავუშვათ, ყველა თამაში თავიდან იწყება და ამიტომ, კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). ვილი სანიოლის გუნდს პირველი ადგილისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეც ჰყოფნის.

0.10583