ფეხბურთი

21:45 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ვიცი, რომ "ბორდოში" ზიდანი თამაშობდა და ჩვენი მიზანი ლიგა 1-ში დაბრუნებაა"

„ბორდომ“ სოციალურ ქსელში ზურიკო დავითაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან თავისი ახალი კლუბისა და გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. როგორც 21 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ სეზონში მისი მიზანია, რომ „ბორდოს“ ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმაროს.

„ბორდო“ ცნობილი კლუბია, ლიგა 1-ს ხშირად ვუყურებდი და ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კლუბს დავეხმარო. ქალაქზე თავიდან ბევრი არაფერი ვიცოდი, ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, მაგრამ კლუბის შესახებ ბევრი ვიცოდი. ვიცი, რომ საფრანგეთის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა, ასევე ვიცი, რომ აქ ზინედინ ზიდანი თამაშობდა.

ჩემი მიზანია კარგად ვითამაშო და მინდა გუნდი ლიგა 1-ში დავაბრუნოთ, რათა გულშემატკივარი ჩვენით კმაყოფილი იყოს. მარცხენა ფლანგზე ვთამაშობ, მაგრამ ასევე შემიძლია მარჯვნივ და შუაში თამაში. არ მიყვარს ბევრი საუბარი ამაზე, მოედანზე უნდა გამოვაჩინო ყველაფერი, თუმცა თამაში მარცხენა ფლანგზე მირჩევნია.

ძალიან მომწონს აქაური პირობები, ყველაფერი მაღალ დონეზეა. ბიჭები ძალიან მეხმარებიან, რადგან ამ დროისთვის ფრანგული ენა არ ვიცი და ყველაფერი არ მესმის. თუმცა, ბიჭები ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ფრანგული ენის შესწავლას ვაპირებ. მიხარია, რომ აქ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ გულშემატკივრების გასახარებლად“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ სადებიუტო მატჩში, რომელიც „დიჟონის“ წინააღმდეგ ჩაატარა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ამჟამად ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში შეკრებაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111545