ფეხბურთი

0:15 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ბევრმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და ეს ნაკრებს ძალიან წაადგება"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო და ჯანსაღი კონკურენციაა.

„ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია. ჯგუფში ჩვენი კონკურენტები არიან დღესაც. ვფიქრობ, რთული თამაში იქნება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მუხტია ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის. აუცილებლად ვეცდებით, რომ თამაში მოვიგოთ, რადგან ძალიან გვსურს ჯგუფური ეტაპის თბილისში მოგება.

ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა გუნდში, ყველა მეგობრულად არის განწყობილი ერთმანეთთან, რაც ძალიან სასიამოვნოა. კარგია ასეთ გუნდში მუშაობა. ბევრმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და ეს ძალიან წაადგება ჩვენ ნაკრებს“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველობისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულაც ეყოფა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114861