ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებმა ბოიან მიოვსკიმ და იანი ათანასოვმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე კომენტარები გააკეთეს. ისინი თბილისში რთულ თამაშს ელოდებიან, მაგრამ ოპტიმისტურად არიან განწყობილი და გამარჯვების იმედი აქვთ.
ბოიან მიოვსკი: „საქართველო ბოლო წლებში პროგრესირებს და ჩვენ ეს ვიცით. ეს საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში მეორე ტაიმშიც აჩვენა. თუმცა, ვფიქრობ, პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა, მაშინ სულ სხვა თამაში იქნებოდა. გასაგებია, რომ რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გვაკლია, მაგრამ აქ ყველა ყველაფერს გააკეთებს. ვიცით, რომ თბილისში ჯოჯოხეთური მატჩი გველოდება, მაგრამ გონებაში მხოლოდ გამარჯვება გვაქვს. ამ ორ ვარჯიშზე მწვრთნელი გვიჩვენებს, როგორ უნდა შევუტიოთ, ვაანალიზებთ რა არის საქართველოს სუსტი მხარეები, რომლის გამოყენებას თბილისში ვეცდებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილის თეორიული შანსი გვაქვს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. საქართველო უკეთეს მდგომარეობაშია, ქულითაც შეძლებს პირველი ადგილის შენარჩუნებას. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ“.
იანი ათანასოვი: „ფაქტია, რომ არასრული შემადგენლობით ვართ, რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, მაგრამ ვინც აქ ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ და ამ მატჩში სამი ქულის იმედი გვაქვს. სამწვრთნელო შტაბმა დავალებები მოგვცა, დანარჩენი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. სკოპიეში გამართულ პირველ მატჩში არც ისე აგრესიულები ვიყავით, მაგრამ პარასკევს თბილისში სხვაგვარად იქნება. ჩვენ გვწყურია წარმატება და გვინდა ჩვენი შესაძლებლობების დამტკიცება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ეხება“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველობისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულაც ეყოფა.