ფეხბურთი

17:05 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ჩრდ. მაკედონიის მატჩს სლოვაკი არბიტრები იმსაჯებენ

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს სლოვაკი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი ივან კრუჟლიაკი იქნება, მას ბრანისლავ ჰანჩკო და იან პოზორი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრად უეფამ პეტერ კრალოვეცი დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ კრუჟლიაკი მეორედ იმსაჯებს საქართველოს ნაკრების თამაშს. პირველად ეს 2017 წელს მოხდა, როცა თბილისში, ირლანდიასთან მატჩზე იმუშავა (1:1). გარდა ამისა, სლოვაკ არბიტრს 2012 წელს განსჯილი აქვს საქართველო - ხორვატია 19-წლამდელთა შორის და საქართველო - გერმანია 17-წლამდელებში.

აქვე ვთქვათ, რომ ივან კრუჟლიაკმა ბოლოს 1 კვირის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და ავსტრიული „ზალცბურგის“ თამაში განსაჯა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველობისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულაც ეყოფა.

0.111933