ფეხბურთი

16:29 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოსთან შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. ბლაგოია მილევსკის გუნდს ერთბაშად სამი ფეხბურთელი გამოაკლდა.

ტრავმების გამო თბილისში დარკო ჩურლინოვი, სტეფან რისტოვსკი და ვალონ ეტემი ვერ ითამაშებენ, გარდა ამისა, ზურგის დაზიანება აქვს არიან ადემის და მისი თამაშიც პრაქტიკულად გამორიცხულია. სანაცვლოდ სამწვრთნელო შტაბმა გუნდში „შკენდიას“ ფეხბურთელი ეგზონ ბეიტულაი გამოიძახა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველობისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულაც ეყოფა.

0.120957