ფეხბურთი

15:05 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთელები: "თბილისში ჯოჯოხეთური გარემო გველოდება, მაგრამ მოგებას ვაპირებთ"

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს და მატჩის წინ მაკედონიელმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილი და თბილისში გამარჯვებას გეგმავენ.

დორიან ბაბუნსკი: „ჩვენ არ ვართ იდეალურ ვითარებაში, რამდენიმე მოთამაშეს ტრავმა აქვს, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბოლო მომენტამდე ვიბრძოლოთ. საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება. საუბარია მართლაც მაღალხარისხოვან გუნდზე, შესანიშნავი ინდივიდებით. სკოპიეში დამარცხებისთვის ყველას გვინდა რევანში. როგორი ჯოჯოხეთური ატმოსფეროც არ უნდა გველოდეს თბილისში, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და გამარჯვებას“.

ენის ფაზლაგიჩი: „რა თქმა უნდა, ორივე თამაშის მოგებაზე და ჯგუფში პირველ ადგილის დაკავებაზე ვფიქრობთ. ვიცით, რომ საქართველო ხარისხიანი გუნდია ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ და მოედანზე სერიოზული მიდგომით გავიდეთ. სკოპიეში საქართველომ აჩვენა, რომ ძლიერი მეტოქეა. მაშინ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. გოლი გავუშვით და შემდეგ თამაში არასასურველი მიმართულებით წავიდა. ამიტომ შეტევაში უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა სასურველი სამი ქულა მოვიპოვოთ“.

სტოლე დიმიტრევსკი: „ორი კარგი მატჩის ჩატარებას ვაპირებთ, ჯერ საქართველოში და შემდეგ უკვე გიბრალტარის იმედი უნდა გვქონდეს ბოლო ტურში. მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ და ორივე თამაშში მაქსიმუმს გავიღებთ“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველობისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულაც ეყოფა.

0.134431