მოსკოვის „დინამოსა“ და ახლა უკვე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველის საბა საზონოვის მამამ, ანდრე საზონოვმა რუსულ მედიასთან თავისი შვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საბას ორი სამშობლო აქვს და ერთ-ერთის სახელით თამაში აირჩია.
„საბა დაიბადა ოჯახში, სადაც დედა ქართველია, მამა კი რუსი. მას ორი სამშობლო აქვს, ბავშვობაში ორივე ქვეყანაში ცხოვრობდა, ორ ენაზე საუბრობს. საქართველოში პირველ კლასში შევიდა, მერე გადმოვიდა რუსეთში. საფეხბურთო კარიერის გამო მოქალაქეობა არ შეცვლილა, მან საქართველოს მოქალაქეობა საფეხბურთო კარიერამდე დიდი ხნით ადრე მიიღო.
17-წლამდელებში გამოიძახეს, მაგრამ კოვიდ-ის გამო შეკრებაზე არ წასულა. ჩვენ ვოცნებობდით რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებზე. ჩვენ რუსული ფეხბურთის სისტემაში გავიზარდეთ, ის ამ სკოლის მოსწავლეა. საბა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთის ნაკრებში თამაში უნდოდა, მაგრამ 2021 წელს პირველი კონკრეტული წინადადება საქართველოს ნაკრებიდან მოვიდა. მანამდე რუსეთიდან მხოლოდ პასპორტის მონაცემებით, ტანსაცმლის ზომით და ა.შ. ინტერესდებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბას შეხვდა მაღალჩინოსნების დონეზე, რომლებმაც მასთან ისაუბრეს, დაარწმუნეს, დასახეს პერსპექტივები. რუსეთის ნაკრების მხრიდან ეს ასე არ იყო. გადაწყვეტილების ბოლო წვეთი იყო ის, რომ საბა არ მოხვდა რუსეთის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში.
„გალაკტიონოვის სიტყვები? რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან მოწვევა არ ყოფილა. ეს არის ცილისწამება. არ მესმის რას გულისხმობს. საბამ რუსეთის ნაკრებზე უარი თქვა, რადგან საქართველოს ნაკრების შეთავაზება ჰქონდა - ეს ნორმალური გადაწყვეტილებაა. ასევე არ მესმის 17-წლამდე ნაკრების მწვრთნელის განცხადებები საბას ზოგიერთ მორალურ თვისებაზე.
ახლა იწყებენ რაღაც ღალატზე საუბარს. მაგრამ რა არის, ეს ღალატია? Რა თქმა უნდა - არა. რუსეთის ნაკრებიდან მოწვევას დიდი ხანია ველოდით, მაგრამ კონტაქტები იყო მხოლოდ ადმინისტრატორთან, რომელმაც ვერ ახსნა, რატომ ითხოვდა გამუდმებით პასპორტის მონაცემებსა და ტანსაცმლის ზომას. მისგან ნაკრებში გამოძახებაზე პასუხი არასდროს ყოფილა.
საბას ორი სამშობლო აქვს, ერთ-ერთი მშობლის სამშობლო აირჩია. ამაში ცუდსა და კრიმინალურს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა საზონოვმა Championat-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 20 წლის მცველმა რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს შეკრებაზე უკვე შეუერთდა.