ფეხბურთი

16:35 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში საბა საზონოვი გამოიძახეს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მოსკოვის „დინამოს“ მცველი საბა საზონოვი გამოიძახეს. ინფორმაცია როგორც რუსული გუნდის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

საზონოვი 20 წლის ცენტრალური მცველია, რომელმაც „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. მას დედა ქართველი ჰყავს და ქართული პასპორტიც აქვს. აღსანიშნავია, რომ ის რუსეთის 21-წლამდე ნაკრებშიც გამოიძახეს, თუმცა არჩევანი საქართველოზე გააკეთა. ფეხბურთელის შესახებ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა.

„ეროვნული გუნდებში მიმდინარე სელექციის შესახებ აზრი, არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჩვენი პოზიცია და საერთო შეხედულებები უცვლელია. ამასთანავე, ვთლით, რომ ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს სანაკრებო სისტემაში ყოველთვის უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და საბოლოოდ, მათი პროფესიული წინსვლა შემდეგ გამოადგეს ეროვნულ გუნდებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

საბა საზანოვს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად დიდი ხანია ვაკვირდებით, ადრეც გვქონდა მასთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია. საბას დედა ქართველია და თვითონ მოთამაშეც საქართველოს მოქალაქე გახლავთ. გვიხარია, რომ საბამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ის ნამდვილად ნიჭიერი მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება. ახლა უკვე ველით საწვრთნელი პროცესის დაწყებას და 21-წლამდელების იმ მნიშვნელოვან მატჩებს, რომლებიც პორტუგალიაში და თურქეთში გველოდება“, - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მოსკოვის „დინამოდან“ ლუკა გაგნიძეცაა გამოძახებული. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც საქართველოში გაიმართება. ახალგაზრდული ნაკრები 24 სექტემბერს პორტუგალიას, 27 სექტემბერს კი, თურქეთის 21-წლამდე ნაკრებებს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061362