სხვა

3:22 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დროზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონები ნორვეგიელი ფოსი და ჰოლანდიელი ვან დიიკი გახდნენ

ავსტრალიის ვოლონგონგში მიმდინარე საგზაო ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცებს შორის დროზე ინდივიდუალურ რბოლაში, მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ნორვეგიელმა ტობიას ფოსმა. უფრო ადრე კი, ქალთა შორის ასევე დროზე რბოლაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჰოლანდიელმა ელენ ვან დიიკმა შეინარჩუნა.

25 წლის ფოსმა 34.2-კილომეტრიანი დისტანცია 40 წუთსა და 02.78 წამში გაიარა და 2.95 წამით აჯობა მეორეზე გასულ შვეიცარიელ სტეფან კუენგს. ბრინჯაოს მედალს კი ვუელტას ახალი ჩემპიონი, ბელგიელი რემკო ევენეპოლი დაეუფლა.

მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი ფილიპო განა, ვინც ზედიზედ მესამე ტიტულისთვის იბრძოდა. მასზე ერთი ადგილით მაღლა გავიდა ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი.

„ეს ისეთი ოცნება იყო, რომლის ასრულებასაც ასე იოლად ვერ დავიჯერებ. ფეხები კარგად მიმუშავებდა, არც თავდაჯერება მაკლდა და განწყობაც კარგი მქონდა. და მაინც, ეს გამარჯვება უფრო მეტია, ვიდრე ოცნებაში წარმომედგინა. დღეს რბოლა ათეულშიც რომ დამესრულებინა, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი. ხუთეულზე აღარც ვლაპარაკობ. ახლა კი ამ ცისარტყელასზოლიან მაისურში ვარ და ეს საოცრებაა“, - განაცხადა ფოსმა.

ვან დიიკმა შარშან მოპოვებული ტიტული იოლად შეინარჩუნა. მან დისტანცია 44 წუთსა და 28.60 წამში გაიარა და 12.73 წამით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ავსტრალიელი გრეის ბრაუნი. მესამე ადგილი კი ევროპის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა მარლენ როისმა დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115017