ზე-საშუალო წონაში (76 კგ) მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა, მექსიკელმა კანელო ალვარესმა, ლას ვეგასში 12 რაუნდში, ქულებით აჯობა ყაზახ გენადი გოლოვკინს და ყველა პრესტიჟული გაერთიანების (WBC, WBC, IBF და WBO, ასევე ჟურნალ რინგის) საჩემპიონო სარტყელები შეინარჩუნა.
ეს მათი მესამე შეხვედრა იყო, რომელთაგან ერთი ფრედ დასრულდა, ორი კი ალვარესმა მოიგო. 32 წლის ალვარესს მინიმალური პრობლემები ჰქონდა მასზე რვა წლით უფროსი მეტოქისგან, ვინც საშუალო წონაშია (72.5 კგ) აბსოლუტური ჩემპიონი.
„გმადლობ ყველაფრისთვის, გმადლობ გოლოვკინ. ჩვენ ფანებს სამი კარგი ბრძოლა ვუჩვენეთ. მე ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადალახვა დამჭირდა. და ვისწავლე ის, რომ როცა გიჭირს, ყველაფერი უნდა გაიღო და წინსვლა გააგრძელო“, - განცხადა ალვარესმა, ვინც გოლოვკინთან პირველი ორი ბრძოლა საშუალო წონაში, იმავე „ტიმობაილ არენაზე“ (2017 და 2018 წელს) გამართა.
ალვარესი თითქმის მთელი ბრძოლის განმავლობაში აკონტროლებდა რინგის ცენტრს და მეტოქეს თავისი სწრაფი ხელებით ამუშავებდა. მან პირველი რვა რაუნდი მოიგო, რის შემდეგაც გოლოვკინიც ამოქმედდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. საბოლოოდ, მექსიკელმა სამივე მსაჯის ბარათზე (116-112, 115-113 და 115-113) მოიგო.
ალვარესმა მაისში ქვე-მძიმე (79 კგ) წონაში WBA-ის რუს ჩემპიონ დმიტრი ბივოლთან წააგო. ეს მის კარიერაში მეორე მარცხია. სულ 62 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 58 მოიგო (39 ნოკაუტით), ორჯერ ფრეს დასჯერდა და ორიც წააგო.
მექსიკელი ახლა ისევ ბივოლთან შეხვედრაზე ფიქრობს, ოღონდ მანამ ხელის პრობლემა უნდა მოაგვაროს, რომელიც დიდი ხანია, აწუხებს.