ფეხბურთი

0:50 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი და "ნაპოლის" გამარჯვება "მილანთან"

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის მთავარ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ „სან სიროზე“ დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პენალტი მოიპოვა!

ქართველმა ფეხბურთელმა იტალიაში კიდევ ერთი ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს გალიდერებაში დაეხმარა. კვარამ პენალტი 51-ე წუთზე გამოიმუშავა, როცა სერჯინო დესტი მოატყუა და ამერიკელმა მას ფეხში ჩაარტყა. მსაჯმა დარღვევა თავიდან ვერ დაინახა, მაგრამ შემდეგ საქმეში VAR-ი ჩაერია და შეცდომა გამოასწორეს - წესის დარღვევა აშკარა იყო.

პენალტი მატეო პოლიტანომ აქცია გოლად და ანგარიში გახსნა. ნეაპოლელებს გოლით მასპინძლებმა მალევე უპასუხეს, როცა ოლივიე ჟირუმ აღადგინა წონასწორობა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდმა მაინც მოიგო, რადგან 78-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.

კვარაცხელიამ 87-ე წუთამდე ითამაშა და მოპოვებული პენალტის გარდა, არაერთხელ იაქტიურა. მარტო ის რად ღირს, რომ პირველივე ტაიმში ყვითელი ბარათები სიმონ კიაერსა და დავიდე კალაბრიას აკიდა, რის გამოც სტეფანო პიოლი იძულებული გახდა, შესვენებაზე ორივე მოთამაშე შეეცვალა. თუმცა, იტალიელის სვლამ ფაქტია არ გაამართლა, რადგან კალაბრიას ნაცვლად თამაშში ჩართულმა დესტმა სწორედ კვარას წინააღმდეგ პენალტი აიკიდა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ახლა, სანაკრებო პაუზა დაიწყო და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ.

0.144786