ჭიდაობა

19:40 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი ოქრო-ვერცხლის გარეშე დაასრულა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის მორიგ საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა, თუმცა ფინალში ისევ არ გვეყოლება წარმომადგენელი. ყველაზე კარგად გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) იასპარეზა, რომელიც ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

მაჭარაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ლიეტუველი ლუკას კრასაუსკასი 10:0 დაამარცხა, მერე ტაზახ მამედ იბრაგიმოვს აჯობა (8:2), მეოთხედფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით მოასპარეზე ნაგომედგაჯი ნუროვს 6:4 სძლია, თუმცა ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ბატირბეკ ცაკულოვთან 0:8 წააგო და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

61 კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ ვანიშვილმა პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადა მონღოლ ნარანხუ ნარმანდახთან (2:10), რომელიც თავის მხრივ ფინალში ვერ გავიდა და ქართველმა მოჭიდავემაც მედლის შანსი დაკარგა. 65 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე საკვალიფიკაციო წრეში არგენტინელ აგუსტინ ალეხანდრო დესტრიბატსთან მოულოდნელად 1:9 დამარცხდა და გამოსვლა უმედლოდ დაასრულა, რადგან არგენტინელმა მომდევნო წრეში წააგო და ფინალში ვერ გავიდა, ლომთაძეს რეპეშაჟში რომ გადაენაცვლა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის ორი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა, ეგ კი არა, 10 მოჭიდავიდან ფინალში ერთიც ვერ გავიდა.

0.103875