ფეხბურთი

14:17 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "პიოლი კვარაცხელიას წინააღმდეგ გალიას გააკეთებს"

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს და მატჩის წინ ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელიაა.

იტალიური მედია წერს, რომ სტეფანო პიოლი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელს მიაქცევს და მისი შეჩერება უპირველესი ამოცანა იქნება. გამოცემა Corriere del Mezzogiorno წერს: „მილანი“ ალბათ კვარაცხელიას გარშემო გალიას გააკეთებს, კალაბრიას, მესიას უკანდახევით და ბენასერის დახმარებით“.

როგორც ჩანს, „როსონერის“ სამწვრთნელო შტაბი სწორედ ამ სამეულს მიავლენს კვარას მეურვეობისთვის. ასეთი ყურადღება გასაკვირი არაა, ხვიჩა იტალიაში უკვე აღარაა სიურპრიზი და მისი თამაშიდან გამომდინარე, მისდამი ყურადღებას მეტოქეებიც გააორმაგებენ.

„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა ოტავიო ბიანკიმ ხვიჩაზე განსაკუთრებით დადებითად ისაუბრა: „ნაპოლიმ“ უცნობი მოთამაშე დაიმატა, რომელიც შესანიშნავია. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას ვგულისხმობ. მის გვარს სწორად ვერ გამოვთქვამ, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგად თამაშობს. კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ, ვინც ეს ტრანსფერი განახორციელა. ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს „ნაპოლი“ და „მილანი“ 14-14 ქულით ლიდერობენ, ამ გუნდების შეხვედრა კი 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122441