კალათბურთი

0:45 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა გერმანიას აჯობა და ევრობასკეტის ფინალშია

ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გაირკვა. საფრანგეთის ნაკრებს ესპანეთი შეუერთდა და 18 სექტემბერს პირინელეები ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან.

ესპანეთმა ნახევარფინალში მასპინძელი გერმანია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხან გერმანია იყო უკეთესი, ხანაც - ესპანეთი. გორდონ ჰერბერტის გუნდმა მეორე და მესამე პერიოდის კარგად ჩატარების შედეგად ბოლო მეოთხედის წინ 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაშიც შეუდარებელი დენის შრიოდერის დიდი წვლილი იყო. გერმანიას გულშემატკივარიც ამხნევებდა და თითქოს ფინალთან ძალიან ახლოს გახლდათ, მაგრამ ესპანეთის ნაკრების ბარიერის დაძლევა იოლი როდია.

სერჯო სკარიოლოს გუნდმა მეოთხე პერიოდი ფანტასტიკურად ჩაატარა, განსაკუთრებით დაცვაში თუ არ ჩავთვლით ბოლო 25 წამში ჩაგდებულ 8 ქულას, გერმანიას მეოთხე პერიოდში მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა მანამდე მოპოვებული. ამდენად ესპანეთმა ათწუთეული 31:20, მატჩი კი 96:91 მოიგო და ფინალშია.

შესანიშნავი იყო ლორენცო ბრაუნი, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, 16 ქულა იყო ვილი ერნანგომესის, ხოლო 13 ხუანჩო ერნანგომესის ანგარიშზე. გერმანიის ნაკრებში დენის შრიოდერი გამოირჩა 30 ქულით, რომელსაც პირველი ტაიმი ბევრად უკეთესი ჰქონდა, ვიდრე მეორე. 15-15 ქულა მიითვალეს ანდრეას ობსტმა და ფრანც ვაგნერმა.

გერმანიის ნაკრებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა პოლონეთთან მოუწევს, ხოლო ესპანეთი ფინალში, როგორც ვთქვით, საფრანგეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

გერმანია - ესპანეთი 91:96 (24:27, 27:19, 20:19, 20:31)

0.131845