მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური ერთმანეთთან შეხვედრაზე თითქმის შეთანხმდნენ, WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის უკრაინელმა ჩემპიონმა ოლეკსანდრ უსიკმა, მძიმე წონაში ყოფილ ჩემპიონთან, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
უსიკის და ფიურის შეხვედრა ლოგიკურად ჩანდა, მაგრამ ბრიტანელმა თავის თანამემამულესთან შეხვედრა ისურვა, ვისთან ბრძოლასაც მანამ გეგმავდა, ვიდრე ჯოშუა უსიკთან წააგებდა. მაგრამ ყველაფერი ისე აეწყო, რომ „დიდი ბრიტანული ჯახი“ არ შედგა და სანამ ეს ორი ერთ რინგზე შედგამდა ფეხს, ჯოშუამ თავისი ტიტულები უსიკთან დათმო.
ჟურნალ „რინგის“ კითხვაზე, ვის ისურვებდა მომდევნო მეტოქედ, ჯერაც დაუმარცხებელმა უკრაინელმა განაცხადა: „დეონტეი უაილდერს. ის ძალიან სახიფათო მოკრივეა. მასთან შეხვედრა სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში გაიმართება“.
35 წლის უსიკმა ასევე განაცხადა, რომ უაილდერის და ფინელი რობერტ ჰელენიუსის შეხვედრას, რომელიც ბრუკლინში, 8 ოქტომბერს გაიმართება, ალბათ პირველი რიგიდან უყურებს.
სხვათა შორის, უაილდერთან შეხვედრა მსოფლიოს კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონს, ამერიკელ ენდი რუის უმცროსსაც სურს, ვინც ახლახანს ქულებით აჯობა კუბელ ლუის ორტისს.
რაც გასულ ოქტომბერს ფიურისთან დამარცხდა, უაილდერი არავის შეხვედრია. ის ახლა 36 წლისაა და უსიკთან შეხვედრა, შესაძლოა ტიტულების მოსაპოვებლად, ბოლო შანსი იყოს. მას კარიერაში მხოლოდ ორი წაგება აქვს და ორივე ფიურისგან იწვნია.