ჩოგბურთი

2:14 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საჩოგბურთო სამყარო ფედერერის კარიერის დასრულებას ეხმაურება

როჯერ ფედერერის მიერ, თავისი ლეგენდარული კარიერის დასრულების გამოცხადებას, საჩოგბურთო და სრულიად სპორტული სამყაროს შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. სპორტის ვარსკვლავები დიდი სპორტსმენისადმი თბილ სიტყვებს არ იშურებენ. მართლაც, სპორტში დიდი ეპოქა, როჯერ ფედერერის ეპოქა მთავრდება.

ფედერერის წასვლასთან ერთად, დასრულდება მისი და რაფაელ ნადალის მეტოქეობის დაუვიწყარი ეპოქა, რომელმაც სპორტს დაუვიწყარი სანახაობები აჩუქა. შვეიცარიელი სუპერ ვარსკვლავი, თავის ბოლო შეხვედრას ლონდონში, სწორედ ნადალთან წყვილში გამართავს.

და ნდალი ყველაზე გამორჩეულია მათ შორის, ვისაც თავისი დიდი მეტოქის წასვლამ დაწყვიტა გული.

„ძვირფასო როჯერ, ჩემო მეგობარო და მეტოქევ. ვისურვებდი, რომ ეს დღე არასდროს დამდგარიყო. პირადად ჩემთვის, ეს სამწუხარო დღეა. და არამხოლოდ ჩემთვის, სპორტისთვისაც და მსოფლიოსთვისაც. ჩემთვის დიდი სიამოვნების მომგვრელი, დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ წლების შენთან ერთად გატარება.ჩვენ ერთად დაუვიწყარი მომენტები გვქონდა კორტზეც და მის მიღმაც“, - წერს თავის ტვიტერზე ნადალი.

ფედერერის განცხადებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა მსოფლიოს კიდევ ერთი ლეგენდა, ბილი ჯინ კინგი: „როჯერ ფედერერი ჩემპიონთა ჩემპიონია. ის თავის თაობაში ყველაზე სრულყოფილი თამაშით გამოირჩევა. მან კორტზე თავისი სწრაფი და გააზრებული მოქმედებით, მთელს მსოფლიოში, სპორტის ფანების გულები დაიპყრო. მას ჰქონდა ისტორიული კარიერა, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“.

უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი, ჩეხი პეტრა კვიტოვა 41 წლის ფედერერს, ჩოგბურთში გაწეული დამსახურებებისთვის მადლობას უხდის: „როჯერ, თქვენ ყოველთვის შთაგონების წყარო იყავით ჩემთვის. თქვენი ელეგანტური, გრაციოზული, მშვენიერი თამაში ყველას აღაფრთოვანებდა. მე თქვენ ყოველთვის გაფასებდით და მინდა მოგილოცოთ ასეთი საოცარი კარიერის გამო. ჩოგბურთი ასეთი აღარასდროს იქნება თქვენს გარეშე. მადლობა“.

ამერიკელ ენდი როდიკს სხვებზე უკეთ ახსოვს, რაოდენ „მომაკვდინებელი“ ჩოგბურთელი იყო ფედერერი. ამერიკელმა მასთან დიდი სლემის ოთხი ფინალი წააგო, მათ შორის, დაუვიწყარი დაპირისპირება 2009 წლის უიმბლდონის ფინალში.

„გაგიმარჯოს როჯერ. მადლობა ყველა იმ მომენტისთვის, რაც ერთად გვქონდა. ჩემთვის დიდი პატივია შენთან ჩვენი სპორტის ყველაზე სათაყვანებელ კორტებზე დროის გატარება“.

ჩოგბურთის ლეგენდის სპორტიდან წასვლას გამოეხმაურნენ უიმბლდონი, საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობები, ასევე ATP-ს და WTA-ს ტურები. მათ შორის უიმბლდონია ის ადგილი, რომელიც ფედრერის სახელს ყველაზე მეტად უკავშირდება. მას ხომ ეს გამორჩეული ტურნირი რვაჯერ აქვს მოგებული.

„რით დავიწყოთ? ჩვენთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავით თქვენი დიდი მოგზაურობის ნაწილი, როგორ ყალიბდებოდით ჩემპიონად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყოველთვის დაგვაკლდება ჩვენს კორტებზე თქვენი თამაში. და ახლა მხოლოდ მადლიერების გამოხატვა შეგვიძლია იმ სიხარულისთვის, რაც თქვენ ამდენ ადამიანს მიანიჭეთ“, - წერია უიმბლდონის მიმართვაში.

ფედერერს სულ 103 ტურნირის ტიტული აქვს მოგებული. აქედან 20 დიდი სლემის ტურნირებზე. ATP-ს (პროფესიონალი ჩოგბურთელების ასოციაცია) რეიტინგის სათავეში 310 კვირა აქვს გატარებული, აქედან 237 კვირა ზედიზედ. ექვსჯერ (2004, 2006, 2007, 2010, 2017 და 2018 წლებში) იყო ავსტრალიის ღიას, ერთხელ (2009 წელს) საფრანგეთის ღიას, რვაჯერ (2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2012 და 2017 წლებში) უიმბლდონის და ხუთჯერ (20040, 2005, 2006, 2007, 2008 წლებში) აშშ-ის ღიას ჩემპიონი. ოლიმპიური ჩემპიონის წოდებას მამაკაცთა წყვილებში, თანამემამულე სტენ ვავრინკასთან ერთად, პეკინს 2008 წლის ოლიმპიადაზე დაეუფლა. ერთეულებში კი 2012 წელს (ლონდონში) ვერცხლს დასჯერდა. 2014 წელს დევისის თასს დაეუფლა. ექვსჯერ მოიგო ტურის ფინალური ტურნირი. სულ კარიერაში 1251 შეხვედრა აქვს მოგებული და 275 - წაგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111774