ფეხბურთი

18:36 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "გაგნიძე ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ მალე ევროპული კლუბი უნდა იპოვოს"

მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაა, რომ ამ რეალობაში ქართველი ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს.

მიუხედავად ამისა, როგორც 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ აღნიშნა, ლუკა ნიჭიერი ფეხბურთელია და ამიტომაც გამოიძახეს, პირველ რიგში იმიტომ, რომ მან თავისი მომავალისთვის უკეთესი არჩევანი გააკეთოს.

"პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არამარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებაში, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არამარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს, ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის", - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძეს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მან გასული სეზონი მეორე ნახევარი პოლონურ "რაკუვში" გაატარა, თუმცა რუსეთში დაბრუნდა და მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაც მოახერხა.

0.113731