მსოფლიო ჩემპიონი საგზაო ველორბოლაში, ფრანგი ჟულიან ალაფილიპი, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანეს. მან ახლახანს, ვუელტას მე-11 ეტაპზე მხრის ტრავმა მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე მწყობრშია და ავსტრალიაში გაემგზავრება.
30 წლის ალაფილიპს ვუელტაზე მხრის სახსარი ჰქონდა დაზიანებული და მაშინ ექიმებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ მესამე ტიტულის მოსაპოვებლად ასპარეზობას ვერ შეძლებდა. მაგრამ ბედად, ასე არ მოხდა.
ალაფილიპისთვის ეს სეზონი უიღბლოდ მიმდინარეობს. ჯერ იყო და, მრტში იტალიაში გამრთულ სტრადე ბიანკის დროს დაეცა და ამის გამო, ჯერ მილანი-სან რემოს რბოლა გამოტოვა, შემდგ კი ვერც ფლანდრიის ტურზე ასპარეზობა შეძლო.
ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის კლასიკური რბოლისთვის მომზადება მოასწრო, მაგრამ რბოლისას ხეს შეეჯახა და მულტი ტრავმით, სეზონს ისევ გამოეთიშა. მას ტრავმების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე ბევრი დრო დაეკარგა, რის გამოც, „ქვიკ-სტეპმა“ ტურ დე ფრანსის გუნდში არ შეიყვანა. შემდგ კოვიდ-19 ვირუსი შეეყარა...
„ის უფრო დიდხანს ჰოსპიტალებში იწვა, ვიდრე რბოლებში მონაწილეობდა“, - ამბობს გუნდის შეფი პატრიკ ლეფევერი. მას ერჩივნა, ალაფილიპი მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოსულიყო და ძალები სეზონის ბოლო კლასიკური რბოლისთვის, ლომბარდიის ტურისთვის (8 ოქტომბერს გაიმარეთება) შემოენახა.
მსოფლიო ჩემპიონტის რბოლაში, რომელიც ქალაქ ვოლონგონგის მახლობლად, 25 სექტემბერს გაიმართება, ალაფილიპს საფრანგეთის გუნდში გვერდით ეყოლება თანაგუნდელები „ქვიკ-სტეპიდან“ - რემი კავანია და ფლორიან სენეჩალი. ავსტრალიაში ასევე იასპარეზებს კრისტოფ ლაპორტი, ვინც წლევანდელ ტურ დე ფრანსზე, ფრანგთაგან ერთადერთმა შეძლო ეტაპის მოგება.