საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი თითქმის იმავე სცენარით მოიგო, როგორც მერვედფინალი თურქეთთან.
სანამ იტალიასთან მატჩზე, გავიხსენოთ რა იყო თურქეთთან: თურქეთი საფრანგეთის მატჩის ბოლო წამებამდე ამარცხებდა, როცა ჯედი ოსმანმა ორი საჯარიმო ვერ ჩააგდო, საპასუხოდ ფრანგებმა შედეგიანი შეტევა განახორციელეს და თამაში ოვერ-ტაიმში გადაიყვანეს, სადაც დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდათ და გამარჯვება მოიპოვეს.
ასე იყო ახლაც, იტალიის ნაკრებთან. საფრანგეთი უპირატესობას დასაწყისშივე დაეუფლა და მესამე პერიოდის მიწურულამდე იგებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს იტალიის ნაკრები აფეთქდა და საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ გადამწყვეტი პერიოდის წინ 6-ქულიანი უპირატესობით ჯანმარკო პოცეკოს გუნდი დაწინაურდა. „აძური“ ძალიან, ძალიან ახლოს იყო ბოლო პერიოდში ეს უპირატესობა რომ გამოეყენებინა და მოეგო. თამაშის დასრულებამდე 16 წამით ადრე 77:75-ს იგებდა და საჯარიმო ხაზზე გუნდის ლიდერი სიმონე ფონტეკიო იდგა... თუმცა, ფონტეკიომ მოახერხა და ორივე საჯარიმო ააცილა, ფრანგებმა კი საპასუხო შეტევა გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს. მართალია, იტალიას 5 წამი ჰქონდა სა ფონტეკიომ ამჯერად 2-ქულიანის ჩაგდება სცადა, მაგრამ ისევ ააცილა და თამაში ოვერ-ტაიმში გადავიდა. მოხდა ზუსტად ის, რაც თურქეთთან. დამატებით 5-წუთეულში საფრანგეთის ნაკრებს არანაირი პრობლემა არ შექმნია და საბოლოოდ 93:85 მოიგო.
საფრანგეთის ნაკრებს ტომა უერტელმა ულიდერა, რომლმაც 20 ქულა ჩააგდო და აქედან გარდამტეხი ქულები მეოთხე პერიოდის მიწურულს და ოვერ-ტაიმის დასაწყისში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის გამარჯვება მის კისერზე. 19 ქულა ჰქონდა რუდი გობერს, ევან ფურნიეს 17, გერშონ იაბუსელეს 15. იტალიის ნაკრებში სიმონე ფონტეკიო და მარკო სპისუ იყვნენ საუკეთესოები 21-21 ქულით, ლუიჯი დატოვეს 12 ქულა ჰქონდა, ნიკოლო მელის მხოლოდ 10, აკილე პოლონარას - 9.
საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში სლოვენიისა და პოლონეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
საფრანგეთი - იტალია 93:85 (27:20, 11:11, 18:31, 21:15, 16:8)