ჩოგბურთი

3:15 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევის დაბრუნება დიდი ხნით გადაიდო

ალექსანდერ ზვერევის დაბრუნება ალბათ რამდენიმე თვით გადაიდო. გერმანელმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ ძვლის შეშუპება აქვს, რის გამოც, დევისის თასის ფინალურ ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ვერ შეძლებს.

ზვერევს ივნისის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ მან ფეხზე დაზიანებულ მყესებზე ოპერაცია გაიკეთა. მან ეს ტრავმა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში, რაფაელ ნადალთან შეხვედრისას მიიღო.

რეიტინგში ჯერაც მეხუთე ადგილზე მყოფი ჩოგბურთელი, გერმანიის ნაკრების განაცხადში იყო შეყვანილი. მაგრამ იანიკ ჰანფმანმა უკვე ჩაანაცვლა.

„ძალიან გაწბილებული ვარ, რადგან ამ კვირაში თამაშს ვერ შევძლებ. არადა, შინაურ ქალაქში გამოსვლას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ შევძლებ, ეს ჩემს ძალებს აღემატება“, - განცხადა ზვერევმა.

„ექიმებმა ძვლის შეშუპება დამიდგინეს. ეს ძალიან მტკივნეულია. არ ვიცი, ეს პრობლემა როდის დაიწყო. გუშინ, ოსკართან (ოსკარ ოტე) ვარჯიშისას, დადგა მომენტი, როცა სიარულიც კი აღარ შემეძლო. მერე ექიმებმა ძვლის შეშუპება დაადგინეს. ეს კი ნიშნავს, რომ აქ თამაშს ვერ შევძლებ. ამის მკურნალობა არა დღეების, არამედ კვირების და ალბათ თვეების ამბავია“, - დასძენს ზვერევი, ვინც ტრავმის მიღებამდე, რეიტინგში მეორე საფეხურზე იყო, რაც მის მკარიერაში საუკეთესო შედეგია.

0.135621