ფეხბურთი

1:11 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" "ბარსელონასთვის" ისევ დაუძლეველი ბარიერია, "ბრიუგეს" ხმაურიანი გამარჯვება

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა.

„ბარსა“ გაძლიერდა, შეიცვალა, მაგრამ მიუნხენური გიგანტი მისთვის ძალიან, ძალიან უხერხული მეტოქეა. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რადგან იულიან ნაგელსმანის გუნდმა მთლიანობაში საკმაოდ მშვიდად მოიგო.

თუმცა, „ბარსელონას“ ურიგოდ არ უთამაშია, მეტწილად პირველ ტაიმში, როდესაც რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ესპანელებმა თავიანთი შანსები სათანადოდ ვერ გამოიყენეს, რის გამოც მეორე ტაიმის სტარტზევე დაისაჯნენ. 50-ე წუთზე ლუკას ერნანდესმა გაიტანა, ხოლო ოთხი წუთის მერე ლეროი სანემ სხვაობა გააორმაგა. ორბურთიანი უპირატესობა „ბაიერნისთვის“ ძალზე კომფორტული იყო და „ბარსამ“ ვერაფერი შეცვალა. ვერც რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ცდა არ დააკლო, მაგრამ მიუნხენში გოლი ვერ გაიტანა. C ჯგუფს „ბაიერნი“ ჩაუდგა 6 ქულით სათავეში, „ინტერსა“ და „ბარსელონას“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „პლზენს“ ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

A ჯგუფში „რეინჯერსი“ და „ნაპოლი“ ოთხშაბათს დაუპირისპირდებიან, იქამდე კი „ლივერპულმა“ „აიაქსის“ დამარცხება ძალზე მძიმე ბრძოლაში მოახერხა. მოჰამედ სალაჰის გოლს პირველივე ტაიმში კუდუსიმ უპასუხა და ნიდერლანდელები სასურველ ქულასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ 89-ე წუთზე ჟოელ მატიპმა გაიტანა და იურგენ კლოპის გუნდმა მძიმე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. „ლივერპულს“, „ნაპოლისა“ და „აიაქსს“ 3-3 ქულა აქვთ, „რეინჯერსს“ – 0, მაგრამ როგორც ვთქვით, იტალიური და შოტლანდიური გუნდი მეორე ტურის მატჩს 14 სექტემბერს გამართავენ.

B ჯგუფში ბრწყინავს „ბრიუგე“, რომელმაც პირველ ტურში „ლევერკუზენს“ მოუგო და ეს არ იკმარა, ამჯერად, „დრაგაუზე“ ჩავიდა და „პორტუ“ 4:0 გაანადგურა! ბელგიურმა კლუბმა ჯგუფიდან გასვლაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა და 6 ქულით ლიდერია. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ლევერკუზენის „ბაიერმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ 2:0 დაამარცხა და ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვთ, „პორტუს“ კი ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

და ბოლოს D ჯგუფი, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტმა“ „ველოდრომზე“ მარსელის „ოლიმპიკი“ 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გერმანულ გუნდს 3 ქულა აქვს, „მარსელს“ – 0. აქ არიან, „სპორტინგი“ 6 ქულით და „ტოტენჰემი“ 3 ქულით, ასე რომ, მთავარი ბრძოლები წინაა.

„ბაიერნი“ – „ბარსელონა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლუკას ერნანდესი (50), 2:0 სანე (54)

„ლევერკუზენი“ – „ატლეტიკო“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ანდრიხი (84), 2:0 დიაბი (87)

„პორტუ“ – „ბრიუგე“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ჟუტგლა (15), 0:2 სოვა (47), 0:3 სკოვ ოლსენი (52), 0:4 ნუსა (89)

„ლივერპული“ – „აიაქსი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 სალაჰი (17), 1:1 კუდუსი (27), 2:1 მატიპი (89)

„მარსელი“ – „აინტრახტი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ლინდსტრომი (43)

0.118054