კალათბურთი

21:28 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მე-11 ნახევარფინალი ევრობასკეტზე: ესპანეთმა ფინეთს მოუგო

ესპანეთის ნაკრები ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

სერჯო სკარიოლოს გუნდმა მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრების ბარიერი დაძლია, რომელსაც 100:90 აჯობა. არადა, ფინეთმა დიდებულად დაიწყო თამაში, პირველი პერიოდი 11-ქულიანი უპირატესობით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 9 ქულას იგებდა.

თუმცა, მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრებმა უშეცდომოდ და პრაქტიკულად იდეალურად ითამაშა, რის ხარჯზეც, შეიძლება ითქვას, მეტოქეს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 100:90 სძლია.

ესპანეთის ნაკრებს ვილი ერნანგომესმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, მის ძმას, ხუანჩო ერნანგომესს 15 ქულა დაუგროვდა, დარიო ბრიზუელა კი გუნდს 14 ქულით შეეწია. ფინელთაგან ლაური მარკინენი იყო ყველაზე შედეგიანი, რომელმაც 28 ქულა მიითვალა, 18 ქულა ჰქონდა მიკაელ იანტუნენს, ალექსანდერ მადსენს 13, ხოლო სასუ სალინს - 11.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალში ზედიზედ მე-11-ედ გავიდა, სადაც საბერძნეთისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ესპანეთი - ფინეთი 100:90 (19:30, 24:22, 30:15, 27:23)

0.119815