ჭიდაობა

21:03 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლერი აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

63 კგ წონით კატეგორიაში აბულაძემ ჩინელი ერბატუ ტუი (4:1), ყირგიზი ტინარ შარშენბეკოვი (7:2) და ირანელი ალი რეზა ნეჯატი (2:1) დაამარცხა. ფინალში ლერის მეტოქე სერბი სებასტიან ნადი იყო, რომელთანაც 1:3 დამარცხდა და ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი გახდა.

დღესვე, 67 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იჭიდავა ჯონი ხეცურიანმა, რომელმაც ნახევარფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან 0:8 წააგო, თუმცა მანამდე შვეიცარიელი ანდრეას ვეტში (11:0), უზბეკი აბრორ ატაბაევი (4:1) და უკრაინელი პარვიზ ნასიბოვი (7:0) დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 6:1 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 8:17 დამარცხდა.

82 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლა გელა ბოლქვაძემ, რომელმაც ბულგარელი როსიან დერმანსი 4:1 დაამარცხა. მომდევნო წრეში თურქ ბურჰან აკბუკაკთან 0:9 წააგო, მაგრამ თურქი ფინალში გავიდა და ჩვენებურს დამამშვიდებელ წრეში გადასვლის უფლება მიანიჭა, სადაც იტალიელ მატეო მაფეცოლისთან 0:8 დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვთან 1:3 დამარცხდა.

დღეს შეხვედრები კიდევ ორ წონით კატეგორიაში გაიმართა. ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ფინელი კონსტა მაეენპაეაე 8:0 დაამარცხა, მეორე წრეში კი ამინ მირზაზადესთან განიცადა მარცხი, ირანელი ფინალში გავიდა და ქაჯაია ხვალ რეპეშაჟში იასპარეზებს. მედლის შანსი დაკარგა ფრიდონ აბულაძემ (60 კგ), რომელმაც პირველივე შეხვედრა გევორგ ღარიბიანთან დათმო და ვინაიდან ფინალში სომეხი მოჭიდავე ვერ გავიდა, რეპეშაჟის შანსი არ მიეცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალია, რომელიც ლერი აბულაძემ და ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვეს.

0.137778