ფეხბურთი

17:21 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯების შეცდომა და დიდი სკანდალი იტალიაში: მილიკის გოლი უსამართლოდ გააუქმეს

„იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩს სკანდალური დასასრული ჰქონდა - 94-ე წუთზე ტურინელებმა გოლი გაიტანეს, რომელიც შეცდომით არ ჩაითვალა.

არკადიუშ მილიკმა მეტოქის კარი აიღო, მაგრამ მსაჯმა და VAR-მა გადაწყვიტეს, რომ დარტყმის მომენტში ლეონარდო ბონუჩი თამაშგარეში იყო და მეკარეს ხელს უშლიდა (რაც ძალიან საკამათოა). თუმცა, მთავარი ისაა, რომ თამაშგარეში იტალიელი მცველი არ ყოფილა. უფრო მეტიც, VAR-მა ვერ შეამჩნია კუთხურის ალამთან მყოფი ანტონიო კანდრევა, რომელიც კართან 50 სმ-ით უფრო ახლოს იყო, ვიდრე ბონუჩი.

„მაისური ლამის ტანზე შემომახიეს, თან კანდრევა კართან ჩემზე ახლოს იყო, მაგრამ თამაშგარე რომც ყოფილიყო, მეკარეს ხელს არ ვუშლიდი. ეს თამაში გასაბრაზებლად უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ „ბენფიკასთან“ თამაშისთვის. ჩვენ ალიბი არ უნდა ვეძებოთ, იმაზე უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ, როგორ ვითამაშეთ პირველი ტაიმის ბოლო 30 წუთი, „იუვენტუსი“ ვართ და ასე თამაში არ შეიძლება“, - თქვა ბონუჩიმ, რომელმაც 92-ე წუთზე პენალტი გააცუდა, მაგრამ დამატებაზე გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

„იუვენტუსი“ „სალერნიტანასთან“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა (2:2). რომ არა, ბოლოს მსაჯების შეცდომა, სულაც მოიგებდა. არბიტრებმა და ვიდეორეფერიმ უხეში შეცდომა რომ დაუშვეს, ეს არაერთმა ვეტერანმა მსაჯმა დაადასტურა, რომლებმაც თქვეს, რომ ჯერ ერთი თამაშგარე საერთოდ არ იყო, მეორეც, ბონუჩი ეპიზოდზე არანაირ გავლენას არ ახდენდა.

სხვათა შორის, მილიკი გოლის შემდეგ გააძევეს, რადგან მაისური გაიხადა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ახლა კი, პოლონელ ფორვარდს დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს იმ გოლის გამო, რომელიც უსამართლოდ არ ჩაუთვალეს და ამავე გოლის გამო დაწყებული ჩხუბის გამო „იუვეს“ ხუან კუადრადო და მასიმილიანო ალეგრიც გაუძევეს.

სხვათა შორის, ამ მატჩში მომხდარს ცნობილი ავიაკომპანია Ryanair-ი გამოეხმაურა, რომლის სოციალურ ქსელში წერია: "ჩვენთან ფრენა უფრო სანდოა, ვიდრე VAR-ი".

0.104869