კალათბურთი

22:07 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ევრობასკეტზე: იტალიამ სერბეთი დაამარცხა

ევროპის მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრები მერვედფინალიდან გავარდა!

სერბებმა იტალიის ნაკრებთან ვერაფერი გააწყვეს და 86:94 წააგეს. სერბეთის ნაკრები პირველ პერიოდში უპირატესობას ფლობდა და წინ 8 ქულითაც გავიდა, მაგრამ ამის შემდეგ იტალიელებმა ჩამორჩენის შემცირება მეთოდურად დაიწყეს. მესამე პერიოდში კი „აძურიმ“ ჯერ გათანაბრება, მერე წინ გასვლა შეძლო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში გააძევეს იტალიელთა მთავარი მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო, რომელმაც დარბაზი ტირილით დატოვა, თუმცა მისმა გუნდმა გუნდმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

ბოლო მეოთხედის წინ სერბეთი 68:66-ს იგებდა და სწორედ გარდამტეხ მომენტში იტალიის ნაკრებმა შესაშური დაცვა ითამაშა და ანგარიშში 14:2 გაიქცა, რის შედეგადაც 82:70 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ სერბეთმა მეოთხე პერიოდის საწყის 5 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო... სერბეთს იმედი ნიკოლა იოკიჩმა დაუბრუნა, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო, თან ჯარიმაც მოიპოვა, რომელიც გამოიყენა და 4-ქულიანი შეტევით სხვაობა შეამცირა (74:82), თუმცა, ფაქტი იყო, გამარჯვებისკენ შემართული იტალია ამ თამაშს ხელიდან არ გაუშვებდა და არც გაუშვა - 94:86. ერთი საინტერესო დეტალიც: დღეს სამივე მერვედფინალური მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 94:86 (ხორვატია-ფინეთი, უკრაინა-პოლონეთი, სერბეთი-იტალია).

იტალიის ნაკრებმა სამქულიანები ისროლა შესანიშნავად და 38-დან 16 ჩააგდო. საუკეთესო მარკო სპისუ იყო, რომელმაც 22 ქულა (9-დან 6 სამქულიანი), 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. „აძურის“ 21 ქულა შესძინა ნიკოლო მელიმ 6 მოხსნასა და 4 პასთან ერთად, სიმონე ფონტეკიოს აქტივში 19 ქულა იყო, ხოლო აკილე პოლონარამ 16 ქულა დააგროვა. სერბეთის ნაკრებში ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელმაც 29 წუთში 32 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, 16 ქულა ჰქონდა ვასილიე მიჩიჩს, 12 ნიკოლა კალინიჩს, მაგრამ სხვა მოთამაშეები 10-ქულიან ზღვარს ვერ გადასცდნენ.

ამრიგად, იტალიის ნაკრები მეოთხედფინალშია, სადაც 14 სექტემბერს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სერბეთი - იტალია 86:94 (28:20, 23:25, 17:21, 18:28)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10988