ჩოგბურთი

10:29 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა ჟაბური დაამარცხა და აშშ-ის ღიას ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, ტუნისელი ონს ჟაბური 6-2, 7-6(5) დაამარცხა და პირველად გახდა დიდი სლემის ამერიკული ტურნირის ჩემპიონი.

მეტოქის შეცდომის წყალობით, გამარჯვების ქულა რომ მოიპოვა, სვიატეკი კორტზე გულაღმა დაწვა და საკუთარი ემოციების დასაფარად, თვალებზე ხელები აიფარა.

„ეს ნიუ იორკია, ხმაურით და სიგიჟით. ვამაყობ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა დავძლიე“, - განაცხადა 21 წლის პოლონელმა, ვისთვისაც ეს კარიერაში დიდი სლემის მესამე ტიტულია. პირველი ორი საფრანგეთში აქვს მოპოვებული. ის არის პირველი პოლონელი ჩოგბურთელი ქალი, ვინც აშშ-ის ღია პირველობის მოგება შეძლო.

წაგების მიუხედავად, ჟაბური განახლებულ რეიტინგში მეორე პოზიციაზე დაბრუნდება. ის არის პირველი არაბი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში თამაში შეძლო. პირველად ეს უიმბლდონზე გააკეთა და ახლა ფლეშინგ მედოუსზე გაიმეორა. ამასთან, ჟაბური პირველი აფრიკელი ქალი ჩოგბურთელია, ვინც აშშ-ის ღიაზე ფინალს მიაღწია.

„იმედი მაქვს, ბევრი თაობის შთაგონების წყარო გავხდები. ეს ძალიან ბევრი რამის მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ჟაბურმა. ვინც მეორე სეტში უშეღავათო ბრძოლა გაუმართა მსოფლიოს პირველ ჩოგანს.

პირველ სეტში სვიატეკი ზუსტი მოწოდებით გამოირჩეოდა და მეტოქეს უკანა ხაზიდან ფეხი არ მოაცვლევინა. ამის წყალობით, პირველ სეტში 3-0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ტუნისელმა აგრესიას უმატა და მომდევნო ორი გეიმი მოიგო. მაგრამ ამით სეტი ვერ გადაარჩინა. პოლონელმა კიდევ ერთ ბრეიკს მიაღწია და სეტი 30 წუთში თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტიც მსგავსი სცენარით დაიწყო - სვიატეკი 3-0 დაწინაურდა და ამჯერადაც, ჟაბურმა მომდევნო ორი გეიმის მოგება შეძლო. საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. იქ კი ტუნისელმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც სვიატეკმა კარგად გამოიყენა...

0.114682