კალათბურთი

1:11 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა ლიეტუვას ოვერ-ტაიმში აჯობა და მეოთხედფინალში ითამაშებს

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. სერჯო სკარიოლოს გუნდმა მერვედფინალში ძალზე დრამატულ ბრძოლაში ლიეტუვას 102:94 ოვერ-ტაიმში აჯობა.

ლიეტუველები თითქმის მთელი თამაში წინ იყვნენ, მაგრამ მეოთხე პერიოდში ესპანეთის ნაკრებმა ივარგა და თავად შეძლო წინ გასვლა. უფრო მეტიც, პირინელები ძალიან ახლოს იყვნენ ძირითად დროში მოგებასთან, მაგრამ ორი ქულა ზედ საფინალო სირენასთან ერთად მიიღეს, რის შედეგადაც ანგარიში გათანაბრდა - 83:83. ამრიგად, ყველაფერი ოვერ-ტაიმმა გადაწყვიტა, სადაც უკვე ესპანეთი უკეთესი იყო და საბოლოოდ 102:94 იმარჯვა.

ესპანეთს ლორენცო ბრაუნმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, 21 ქულა ჰქონდა ვილი ერნანგომესს, ხოლო როდოლფო ფერნანდესმა და ხუანჩო ერნანგომესმა 13-13 ქულა ჩააგდეს. ლიეტუვის ნაკრებში მინდაუგას კუზმინსკასი იყო საუკეთესო 18 ქულით, იგნას ბრაზდეიკისმა 17 ქულა შესძინა თავის გუნდს, ხოლო ლუკას ლეკავიჩუსმა და დომანტას საბონისმა 15-15.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა შეძლო A ჯგუფის წარმომადგენლებიდან (სადაც საქართველო თამაშობდა), შესაბამისად, ლიეტუვა B ჯგუფიდან არის ერთადერთი, რომელმაც ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა.

აქვე გეტყვით, რომ დანარჩენი ოთხი მეოთხედფინალური შეხვედრა 11 სექტემბერს გაიმართება.

ესპანეთი - ლიეტუვა 102:94 (19:20, 21:25, 23:23, 20:15, 19:11)

0.116398