საქართველოს ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერებს შორის 4-ქულიანი სტატუსქვო შენარჩუნდა, რადგან „დინამო ბათუმმა“ და „დინამო თბილისმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს.
მოქმედმა ჩემპიონმა „გაგრას“ უმასპინძლა და „სამგურალთან“ მძიმე მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს ორი გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა და ენერგიაც დაზოგა. ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლოს ჯოვინო ფლამარიონმა სხვაობა გააორმაგა და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. „დინამო ბათუმმა“ 60 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება.
„დინამო თბილისმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კარგ ფორმაშია. გიორგი ჭიაბრიშვილის გარეშე მოთამაშე გუნდმა დამაჯერებლად 3:0 მოიგო და მეშვიდე წუთზე უკვე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა ოსეი ბარნსისა და თორნიკე კირკიტაძის გოლებით. მატჩის მიწურულს კი საბოლოო ანგარიში სტანისლავ ბილენკიმ დააფიქსირა. „დინამო თბილისს“ 56 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი „გაგრას“ შეხვდება. „სამგურალი“ 42 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი გორის „დილასთან“ შინ გამართავს.
მთავარი მწვრთნელი შეიცვალა „საბურთალომ“ და მოუგებელი სერია დაასრულა. თბილისურმა გუნდმა თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლოკომოტივი“ 5:1 გაანადგურა. „საბურთალოს“ 34 ქულა აქვს და ისევ მეექვსე ადგილზეა, წინ კი „თელავთან“ მატჩი ელოდება. „ლოკომოტივი“ პრაქტიკულად გავარდნილია - 5 ქულით ბოლო ადგილზეა და „სიონს“ დაუპირისპირდება.
„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ბარნსი (6), 2:0 კირკიტაძე (7), 3:0 ბილენკი (90)
„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 5:1 (3:1)
გოლები: 0:1 მახარობლიძე (11), 1:1 შ. ნონიკაშვილი (14), 2:1 გოშთელიანი (21), 3:1 ლ. ნონიკაშვილი (43), 4:1 ტაბატაძე (54), 5:1 გოშთელიანი (59)
„დინამო ბათუმი“ – „გაგრა“ (2:0)
გოლები: 1:0 ფანცულაია (21), 2:0 ჯოვინო (44)