იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ „სპეცია“ ჯაკომო რასპადორის 89-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ 67 წუთი ითამაშა და ძალიან აქტიური იყო, რაც არც იტალიურ მედიას გამორჩენია.
Tuttonapoli 7 ქულა: „ის რა თქმა უნდა, ყველაზე სახიფათო მოთამაშეა „ნაპოლიში“. სისტემატურად ატყუებდა მეტოქეს, ხშირად ერთ კაცზე მეტსაც, მაგრამ ყოველთვის აწყდებოდა წინააღმდეგობას დარტყმის ან პასის მომენტში და იყო მცირე უიღბლობაც. მისი შეცვლა აუხსნელი გადაწყვეტილებაა“.
Sportmediaset 6.5 ქულა: „პირველ ტაიმში თავის თვისებებს აჩვენებს და თავდაჯერებულად თამაშობს. მეორე ტაიმში ვარდნა ჰქონდა და სპალეტიმ სიმეონეთი შეცვალა“.
Calcionapoli24 6.5 ქულა: „ორმაგი ფეხებშორის ბურთის გატარება საწყის ექვს წუთში, თითქოს ეს ძალიან მარტივია. ნიკოლაუმ გოლი წაართვა, შემდეგ დრონგოვსკიმ. მერე იყო 23-ე წუთზე ორმაგი დრიბლინგი და დარტყმა ახლო კუთხეში. 34-ე და 45-ე წუთებზე გულშემატკივრები ისევ აღაფრთოვანა. ამჯერადაც მოედანზე 70 წუთზე მეტი არ გაუტარებია“.
აქვე ვთქვათ, რომ მატჩის დაწყებამდე კვარას სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს. ქართველს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, პლუს ერთი საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზეც გააკეთა.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 13 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „რეინჯერსთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 18 სექტემბერს, ასევე გასვლაზე „მილანთან“ „სან სიროზე“ ითამაშებს.