ფეხბურთი

18:59 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" მძიმე გამარჯვება "სპეციასთან"

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტური „ნაპოლის“ მატჩით დაიწყო, რომელმაც შინ „სპეცია“ 1:0 დაამარცხა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში 14 ქულით ლიდერია.

ლუჩანო სპალეტის გუნდს ძალზე მძიმე თამაში ჰქონდა და ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, მაგრამ 89-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა და ნეაპოლიტანურ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

კვარაცხელია პირველ ტაიმში ყველაზე აქტიური იყო და „სპეციას“ დაცვას პრობლემა არაერთხელ შეუქმნა, როცა მცველები რამდენჯერმე მოატყუა. ქართველს საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ორჯერ მეკარემ აჯობა, ერთხელ კი მის დარტყმულს მცველმა თავი შეუშვირა და ბურთი კუთხურზე გადააგდო. უნდა ითქვას, რომ მეორე ნახევარში ხვიჩა ისეთი აქტიური ვეღარ იყო და არც ლუჩანო სპალეტიმ უღალატა ტრადიციას, რომელმაც ქართველი ისევ შეცვალა, ამჯერად 67-ე წუთზე ჯოვანი სიმეონეთი. Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 7 ქულით შეაფასა.

აქვე ვთქვათ, რომ მატჩის დაწყებამდე კვარას სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს. ქართველს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, პლუს ერთი საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზეც გააკეთა.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 13 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „რეინჯერსთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 18 სექტემბერს, ასევე გასვლაზე „მილანთან“ „სან სიროზე“ ითამაშებს.

0.142846