სხვა

17:23 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მე-8 ადგილზე გავიდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილი დაიკავა, მას შემდეგ, რაც მეშვიდე პოზიციისთვის შეხვედრაში მონტენეგროსთან მარცხი განიცადა.

ერთი საინტერესო დამთხვევა: საქართველომ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი და ბოლო მატჩი მონტენეგროსთან ჩაატარა, ორჯერვე დამარცხდა და ორჯერვე ერთნაირი ანგარიშით - 11:14.

ისევე, როგორც ჯგუფური ეტაპის პირველ ტურშიც, ახლაც მონტენეგროელებმა 14:11 მოიგეს და მეშვიდე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ თავიდან გავრცელებული ინფორმაცია, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურის მომტანი იყო, არ დადასტურდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო 7 გუნდი გავიდა, საქართველოს კი ამ მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

მონტენეგროსთან დღევანდელ მატჩში მეტოქე ფლობდა უპირატესობას და პირველი პერიოდის მერე ანგარიშში ყოველთვის წინ იყო. საქართველოს ნაკრებში გოლები დუშან ვაშიჩმა (2 გოლი), იოვან სარიჩმა (2), ბორის ვაპენსკიმ (2), ვალიკო დადვანმა (1), ნიკა შუშიაშვილმა (1), მარკო ელაჩამ (1), ანდრია ბითაძემ (1) და ფაბიო ბარალდიმ (1) გაიტანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო - სლოვაკეთთან (16:11) და ნიდერლანდებთან (12:8), ხოლო ხუთჯერ დამარცხდა (მონტენეგროსთან ორჯერ, ორჯერვე 11:14), იტალიასთან (8:18), ხორვატიასთან (5:15) და საფრანგეთთან (5:7).

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ ითამაშა და მერვე ადგილი ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მონტენეგრო - საქართველო 14:11 (6:4, 2:1, 4:3, 2:3)

0.12728